"ლურჯ-წითლები" 80-იანების დასაწყისში აღნიშნულ ტურნირზე ორჯერ მონაწილეობდნენ და მათ ანგარიშზე ერთი ჩემპიონობაც კი არის. ეს მოვლენა თარიღდება 1982 წლით, მაგრამ სანამ გავიხსენებთ უშუალოდ ტრიუმფის მომენტს, მიმოვიხილოთ ისიც, თუ როგორ გახდნენ ვილა პარკის ბინადრები ევროპაში ნომერ პირველები.

ასტონ ვილას აღზევება უკავშირდება მთავარ მწვრთნელს, რონ სონდერსს, თუმცა ჩემპიონთა თასი ამ გუნდმა ტონი ბარტონთან ერთად აღმართდა. პირველმა მათგანმა ბირმინგემული კლუბი დატოვა ევროპაში ტრიუმფამდე რამდენიმე თვით ადრე, მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით. იქამდე გავიხსენოთ ერთი საინტერესო ისტორია, რომელიც მოხდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც "ვილანები" ინგლისური ფეხბურთის მიწისქვეშეთში იყვნენ.
მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების გასაყარზე "ლურჯ-წითლებმა" ქვეყნის ჩემპიონობა ექვსჯერ იზეიმეს, თუმცა შემდეგ კლუბმა ნელი ტემპით ფსკერისკენ დაშვება დაიწყო. სიტუაცია იყო იმდენად სავალალო, რომ 1970 წლისთვის ვილა პარკის ბინადრები მე-3 დივიზიონში აღმოჩნდნენ. უცნაურია, იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსური რესურსი ასტონ ვილას თითქმის ყოველთვის ჰქონდა.
ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 1972 წელს, ჯერ კიდევ მესამე დივიზიონში მყოფმა ბირმინგემელებმა ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად 10 ათასი ფუნტის სანაცვლოდ სანტოსი ჩამოიყვანეს. ქალაქში იყო საზეიმო განწყობა, რადგან "ვილანების" წინააღმდეგ ხომ თვით ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელე ითამაშებდა.

აღნიშნულ შეხვედრას სირთულეების გარეშე არ ჩაუვლია. თამაშის დაწყებამდე, "ლურჯ-წითლების" იმდროინდელი პრეზიდენტი, დაგ ელისი თავისი როლს როისით ბრაზილიელ ფორვარდს აჩვენებდა ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, რის დროსაც ფეხბურთელმა მოულოდნელად დამატებითი 5 000 ფუნტი მოითხოვა.
"ალვინეგროს" ლიდერი არ აპირებდა მოედანზე გამოსვლას, სანამ ინგლისელი ბიზნესმენი მის ფინანსურ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ვილა პარკის ბინადრების უფროსს მოუწია დამატებითი თანხის გაღება, რის შემდეგაც დაგეგმილი მატჩი მაინც შედგა, მაგრამ თამაშის წინ, თავი კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა.
ქალაქში იმ დროს მიმდინარეობდა მაღაროელების გაფიცვა, რის გამოც ელისის კლუბის საშინაო არენა ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. სასწრაფო ტემპით მოტანილი იქნა გენერატორი, მაგრამ სტადიონზე არსებული 4 პროჟექტორიდან ერთ-ერთი მაინც არ მუშაობდა. ის მატჩი მოიგო ასტონ ვილამ (2:1), "შავ-თეთრებმა" კი წაგების მიზეზად სწორედ ცუდი განათება დაასახელეს.

ბირმინგემელები შემდეგ წლებში ტრიალებდნენ მეორე და მესამე დივიზიონებს შორის, ყველაფერი კი ზემოთხსენებული სონდერსის მოსვლის შემდეგ შეიცვალა. ინგლისელი სპეციალისტი ცნობილი იყო თავისი სიმკაცრითა და სიხისტით, "ვილანების" შემთხვევაში კი ამ ყველაფერმა დადებითი შედეგი გამოიღო.
"ლურჯ-წითლები" აღზევდნენ პირველ დივიზიონამდე და ამის შემდეგ, ამ გუნდმა უეფას თასზეც კი ითამაშა. რონი ნელ-ნელა აწყობდა საჩემპიონო კოლექტივს და 1980/81 წლების სეზონში მოსახდენი მოხდა: 71-წლიანი პაუზის შემდეგ, ვილა პარკის ბინადრები გახდნენ ინგლისის ჩემპიონები, თავის ისტორიაში მეშვიდედ და ჯერჯერობით ბოლოჯერ.
ქვეყნის ჩემპიონობა ნიშნავდა მომავალ წელს ჩემპიონთა თასზე თამაშს, სადაც სონდერსის გუნდმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ფინალამდე მიმავალ გზაზე ასტონ ვილამ დაამარცხა ვალური, ბერლინის დინამო, კიევის დინამო და ანდერლეხტი. ამის მიუხედავად, ინგლისელმა სპეციალისტმა კლუბი შუა სეზონში დატოვა.

უფრო კონკრეტულად კი ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალურ დაპირისპირებამდე სამი კვირით ადრე. ამის მიზეზი იყო ბირმინგემელების გარშემო დატრიალებული ფინანსური სკანდალი, რომელიც რონსაც შეეხო. "ვილანების" დირექტორთა საბჭოს წევრებს ადანაშაულებდნენ ფულის გათეთრებაში, მწვრთნელი კი შემადგენლობის გაძლიერებას ითხოვდა.
"ლურჯ-წითლებში" ახალი ფეხბურთელები არ მოსულან, დირექტორთა საბჭოს რამდენიმე წევრი დააკავეს, მთავარი მწვრთნელი კი ამ არეულობის ფონზე გადადგა. ეს ყველაფერი ხდებოდა უკრაინულ გუნდთან მატჩამდე 3 კვირით ადრე. ვილა პარკის ბინადრებს სათავეში ჩაუდგა კლუბის იმდროინდელი სკაუტი, ზემოთხსენებული ბარტონი, რომელმაც თავისი წინამორბედის საქმე ბოლომდე მიიყვანა.

ასტონ ვილამ ახალ მწვრთნელთან ერთად გადალახა სამი ბარიერი, ფინალში კი ვარსკვლავებით სავსე მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა. რამდენიმე თვის შემდეგ, ბირმინგემელებმა "რეკორდმაისტერს" უეფას სუპერთასზე ბარსელონაც მიაყოლეს. მოქმედმა ჩემპიონებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ითამაშეს შემდეგ სეზონშიც, მაგრამ მხოლოდ 1/4 ფინალამდე.
"ვილანებმა" გადალახეს სტამბოლის ბეშიქთაშისა და ბუქარესტის დინამოს ბარიერი, ტურინის იუვენტუსს კი ვერაფერი მოუხერხეს. 1983 წლის 16 მარტს, "ბებერმა ქალბატონმა" მოიგო 3:1, იმის შემდეგ, "ლურჯ-წითლები" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე აღარ გამოჩენილან. ნავსი 41 წლის შემდეგ გატყდა. დიახ, ვილა პარკზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი გაიჟღერებს.
დავუბრუნდეთ სონდერსისა და ბარტონის ლეგენდარულ გუნდს, რომელშიც ბრწყინავდნენ გორდონ კოუენსი, ალან ევანსი, ახალგაზრდა ნაიჯელ სპინკი, დენის მორტიმერი, გარი უილიამსი, ჯიმი რიმერი, კენ მაკნაუთი, კოლინ გიბსონი და სხვები. დღეს, ასტონ ვილას თანამედროვე ისტორიას უკვე ახალი გმირები წერენ.












