ბოლო ორი სეზონია მილანი საკმაოდ არასტაბილურ ფეხბურთს გვთავაზობს. იმის მიუხედავად, რომ წინა სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა, იტალიაში ბევრი პრობლემა ჰქონდა და რომ არა იუვენტუსის პრობლემები პროკურატურასთან, იყო შანსი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში საერთოდ ვერც კი შესულიყო. რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, გუნდმა ზაფხულში დიდი შევსება მიიღო, თუმცა ამის მიუხედავად მილანი ჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა, შემდეგ იტალიის თასიდან გამოვარდა და საჩემპიონო რბოლას შემოდგომაზე გამოეთიშა. სიტუაციის ასეთი განვითარება, რა თქმა უნდა, კლუბის გეგმებში არ შედიოდა.
"არ მოგვწონს გუნდი ჩემპიონატში პირველ ადგილზე რომ არაა. მართალია, ახალგაზრდა გუნდი გვყავს და მათ ყველაფერი წინ აქვთ, მაგრამ სეზონის წინ მეტის მოლოდინი გვქონდა. ზაფხულში ცვლილებები იქნება", - ეს მილანის მფლობელის, ჯერი კარდინალეს სიტყვებია, რომელიც 29 თებერვალს The Business of Football Summit 2024-ის ფორუმზე განაცხადა.
მილანს ჯერ რომასთან მატჩი ელოდება, სადაც ჩამორჩენა ერთბურთიანია. "როსონერის" მოუწევს სტადიო ოლიმპიკოზე დე როსის გუნდს გასაღები მოუძებნოს და როგორმე 1/2 ფინალის საგზური მოიპოვოს. აუცილებლად უნდა ითქვას რომ "ჯალოროსი" საკმაოდ კარგ ფორმაშია და საკუთარ კედლებში ფავორიტიც სწორედ ისინი იქნებიან.

შემდეგ კი დერბი დელა მადლონინას ჯერი დადგება, ასეთი მატჩისთვის ცოტა უჩვეულო დღეს, ორშაბათს, 22 აპრილს, ქალაქი მილანი ისევ ორად გაიყოფა. ინტერი მეორე ვარსკვლავთან ერთ ნაბიჯშია - დერბიში გამარჯვება და "ნერაძური" მე-20 სკუდეტოს იზეიმებს. ამ შეხვედრის ფორმალური მასპინძელი მილანი იქნება, შესაბამისად, სან სიროზე შავ-წითლები უფრო დიდი რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი. მილანის ამ მატჩში მარცხი და ფანების წინ ინტერის ზეიმი, დიდი შანსია, სტეფანო პიოლის დასასრულის დასაწყისიც კი იყოს. შეგახსენებთ, ინტერმა ბოლო 5 დერბიდან მილანს ხუთივე მოუგო, თანაც უშანსოდ, ზედიზედ მე-6 მარცხი კი შეიძლება დიდი გადაწყვეტილებების წინაპირობა იყოს.
აქედან ზუსტად ერთ კვირაში, პიოლის მომავალი გარკვეული იქნება - 58 წლის იტალიელი კიდევ ერთ შანსს მიიღებს ან სეზონის ბოლოს მისი მილანური ისტორია დასრულდება.
აქედან ზუსტად ერთ კვირაში, პიოლის მომავალი გარკვეული იქნება - 58 წლის იტალიელი კიდევ ერთ შანსს მიიღებს ან სეზონის ბოლოს მისი მილანური ისტორია დასრულდება.










