მიკელ ოიარსაბალი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში სამუდამოდ შევიდა. ის არის ერთადერთი ფეხბურთელი ეროვნული გუნდის არსებობის მანძილზე, რომელმაც შედეგიანი ქმედება (გოლი ან ასისტი) "ლა როხას" ზედიზედ 9 მატჩში გააკეთა. ყველაფერი დაიწყო ერთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში ნიდერლანდების ეროვნულ გუნდთან, რომელშიც ესპანელმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმა.
შემდეგ, რეალ სოსიედადის ლიდერმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა საფრანგეთის ნაკრებთან, ერთა ლიგის ნახევარფინალში, ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში კი მან პორტუგალიის ეროვნულ გუნდს შეუგდო. სან-სებასტიანელთა მე-10 ნომრის რეკორდული სვლა გაგრძელდა მუნდიალის შესარჩევშიც: გოლები ბულგარეთთან, ასისტები თურქეთთან, ორივე ერთად საქართველოსთან.
28 წლის თავდამსხმელმა შედეგიანი ქმედებები აღნიშნულ ნაკრებებთან განმეორებით მატჩებშიც გააკეთა. როგორც აღვნიშნეთ, უკვე ცხრა შეხვედრაა, რაც ოიარსაბალი წითელ მაისურში მოედანს შედეგიანი ქმედების გარეშე არ ტოვებს. ეროვნული გუნდის არსებობის 105-წლიან ისტორიაში, მსგავსი რამ სხვას არავის გაუკეთებია.









