საბერძნეთი-საქართველო 2:1, ამხანაგური მატჩი (08.05.1996)
პირველი შეხვედრა, ერთგვარი გაცნობა. წაგებული თამაში, რომელშიც პირველი გოლი საქართველომ გაიტანა. ბერძნების კარები აიღო ნიქოზიას ომონიას ექს-ფორვარდმა, გოჩა გოგრიჭიანმა. ანგარიში გაათანაბრა დემის ნიკოლაიდისმა, მატჩის 87-ე წუთზე კი მან მეორე ბურთიც გაიტანა. ელადიდან ქულის წამოღებამდე ცოტა დაგვაკლდა.
საბერძნეთი-საქართველო 3:0, ევრო 2000-ის შესარჩევი (14.10.1998)
საქართველოსთვის წარუმატებელი შეხვედრა. 36-ე წუთისთვის ანგარიში უკვე გამანადგურებელი იყო. საბერძნეთის მხრიდან პირველი გოლი შოთა არველაძის კონკურენტმა და შემდეგ უკვე ერედივიზიაში თანაგუნდელმა, ნიკოს მახლასმა, გაიტანა. შემდეგი გოლები კი ნიკოლაოს ლიბეროპულოსმა და მარინოს ოზუნიდისმა. ელადელთა მარტივი მოგება.

საქართველო-საბერძნეთი 1:2, ევრო 2000-ის შესარჩევი (05.06.1999)
როგორც ვხედავთ, ევროპის 2000 წლის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთმა ორივე შეხვედრაში იმარჯვა. აღნიშნულ თამაშში ანგარიში გახსნა საქართველომ, გოლის ავტორი, ჩვენი საუკეთესო ლეგიონერი ელადაში: თემურ ქეცბაია. მატჩის 85-ე წუთზე ოთარ ხიზანეიშვილის ავტოგოლი გაიფორმა, 91-ზე კი ჩვენი ნაკრების კარი კვლავ მახლასმა აიღო.

საქართველო-საბერძნეთი 1:3, 2006 წლის მუნდიალის შესარჩევი (26.03.2005)
საბერძნეთი ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ჩამოვიდა და ცხადია, ფავორიტადაც მოიაზრებოდა. სტუმრებმა სტატუსი გაამართლეს და საქართველოდან 3 ქულა წაიღეს. ანგარიში კვლავ ჩვენმა ნაკრებმა გახსნა, მალხაზ ასათიანის გოლის შემდეგ, მაგრამ მოგვიანებით ერთგვარი კოლაფსი წარმოიშვა: 43-44-ე წუთების შუალედში ელადელებმა 2 ბურთი გაგვიტანეს. 53-ე წუთზე კი სტუმრებმა მე-3 გოლიც გაქვითეს.
საბერძნეთი-საქართველო 1:0, 2006 წლის მუნდიალის შესარჩევი, (12.10.2005)
აღნიშნული შეხვედრა აღარაფერს წყვეტდა მნიშვნელოვნად, ყოველ შემთხვევაში საქართველოსთვის, რომელსაც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგული ჰქონდა. მუნდიალზე ვერც ბერძნები მოხვდნენ, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ნაკრები ევროპის მოქმედი ჩემპიონი იყო.

საბერძნეთი-საქართველო 1:1, ევრო 2012-ის შესარჩევი (03.09.2010)
პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო საბერძნეთთან არ დამარცხდა. გვახსოვს ისე, როგორც გუშინ - ალექსანდრე იაშვილის სწრაფი გოლი, მე-3 წუთზე. ელადელები ერთ საათზე მეტი ვერ ახერხებდნენ ჩვენი ნაკრების კარის გატეხვას, მაგრამ 72-ე წუთზე ნიკოლაოს სპიროპულოსმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხა.
"ჯვაროსნების" მთავარი მწვრთნელი იმ დროს უკვე ქეცბაია იყო, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, თუ რას წარმოადგენდნენ "ლურჯ-თეთრები". ზოგადად, თემურის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ უკვე ტრადიციად იყო ქცეული, რომ "მეკობრეებთან" წარმატებამდე სულ ცოტა გვაკლდებოდა.

საქართველო-საბერძნეთი 1:2, ევრო 2012-ის შესარჩევი (11.10.2011)
კლასიკური სცენარი საბერძნეთთან - ვიტანთ პირველები, თუმცა შემდეგ, ვუშვებთ მინიმუმ ორს. ასე იყო 2011 წელს გამართულ შეხვედრაშიც. დავით თარგამაძის მე-19 წუთზე გატანილ ბურთს, ელადელებმა მატჩის მიწურულს: 79-ე და 85-ე წუთებზე უპასუხეს. გოლების ავტორები: გეორგიოს ფოთაკისი და ანგელოს ხარისტეასი.
საბერძნეთი-საქართველო 1:1, 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი (31.03.2021)
მეორე და ჯერჯერობით უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც საქართველო არ დამარცხდა საბერძნეთთან. ისევ გასვლითი შეხვედრა და კვლავ პირველი იტანს გოლს ჩვენი ნაკრების მოთამაშე, მაგრამ სამწუხაროდ, ამჯერად საკუთარ კარში. დიახ, ოთარ კაკაბაძემ გაიტანა ავტოგოლი, მაგრამ ზუსტად 2 წუთში, წონასწორობა ხვიჩა კვარაცხელიამ აღადგინა.

ქართველმა გარემარბმა ელადელების საჯარიმოში ნამდვილი სოლო რეიდი განახორციელა, შემდეგ კი ბურთი კარებში გადაგზავნა. იმედი გვაქვს, რომ ერთა ლიგის ფინალში ნაპოლის ვინგერი, როგორც მინიმუმ, მსგავს თამაშს შემოგვთავაზებს. შეგახსენებთ, ლუქსემბურგთან 1/2 ფინალი მან ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა, "ლურჯ-თეთრებთან" კი მოედანზე იქნება და ნაკრებს დაეხმარება.
საქართველო-საბერძნეთი 0:2, 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი (09.10.2021)
შეხვედრა, რომელშიც ყველაფერი დრამატული 90 წუთის შემდეგ მოხდა. ბოლო წუთზე საქართველოს კარები თავდაპირველად ანასტასიოს ბაკასეტასმა აიღო, მე-5 დამატებულზე კი - დიმიტრიოს პელკასმა. 2022 წლის მუნდიალზე, ჩვენი ნაკრების მსგავსად, ვერც საბერძნეთი გავიდა. ამ ჯგუფში 1-2 პოზიციები ესპანეთმა და შვედეთმა დაიკავეს.











