ეს ფეხბურთელი არის ჯანფრანკო ძოლა, რომელსაც პარმაში თამაშის დროს, კარლო ანჩელოტისთან ურთიერთობის გაფუჭების გამო გუნდის გამოცვლა მოუწია. იტალიელი ფორვარდი 1996 წლის ნოემბერში "ჯალობლუდან" გადავიდა ლონდონის ჩელსიში, რითაც ბევრის აზრით, საერთაშორისო კარიერის დასრულებას მოაწერა ხელი.
ასე ჩანდა მხოლოდ ერთი შეხედვით, სინამდვილეში კი "არისტოკრატების" თავდამსხმელმა პრემიერ ლიგაში კარიერის რეანიმირება მოახერხა. მისი მონაგარი პირველ თვეს შეადგენდა 5 გატანილ ბურთსა და 3 ასისტს, რის შედეგადაც "მარაძოლა" ინგლისის ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

სეზონის ბოლოს კი "ლურჯების" 25-ე ნომერი ჟურნალისტების ვერსიით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. იტალიის ნაკრებს იმ დროს წვრთნიდა ჩეზარე მალდინი, რომელმაც ძოლას გამო გადაუხვია არაოფიციალურ წესს და ეროვნულ გუნდში გამოიძახა ისეთი მოთამაშე, რომელიც იმ დროს კალჩოში არ თამაშობდა.
სიმბოლურია, რომ იტალიელი თავდამსხმელის "სკუადრა აძურაში" დაბრუნება ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში მოხდა. 1997 წლის 12 თებერვალი, მუნდიალის შესარჩევი: აპენინელებმა "3 ლომს" სტუმრად სწორედ ჯანფრანკოს გატანილი ბურთით მოუგეს. ლეგენდარულმა ფორვარდმა ეროვნულ გუნდში საერთო ჯამში 35 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
საინტერესოა, რომ თავისი ერთ-ერთი უკანასკნელი სანაკრებო შეხვედრა სტემფორდ ბრიჯის ბინადართა ლიდერმა საქართველოს წინააღმდეგ ჩაატარა. ეს მოხდა იმავე წლის 10 სექტემბერს, ისევ და ისევ მუნდიალის შესარჩევზე: ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე "ჯვაროსნებმა" და "ლურჯებმა" უგოლო ფრე ითამაშეს.











