მანჩესტერ სიტი 3:0 ნოტინგემ ფორესტი
პეპ გუარდიოლას გუნდმა 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა! "ქალაქელებმა" საკმაოდ უხერხული მეტოქე უშანსოდ დაამარცხეს და გამარჯვების გემო გაიხსენეს. ეტიჰადის ბინადრებმა ნოტინგემი ყველა კომპონენტში დაჯაბნეს.
სიტის მხრიდან თავის გამოჩენა ბერნარდუ სილვამ, კევინ დე ბრუინმა და ჟერემი დოკუმ მოახერხეს. გუარდიოლას გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 26 ქულა მოაგროვა და მე-4 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება ნუნუ ეშპირიტუ სანტუშის გუნდს, ნოტინგემი 22 ქულით, მე-7 პოზიციაზე დარჩა.
ნიუკასლი 3:3 ლივერპული
არნე სლოტის გუნდი შეაჩერეს! ედი ჰაუს ბიჭებმა ლივერპულს არაფერი დაუთმეს და მერსისაიდელებს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინეს. მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საოცრად დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა.
ნიუკასლის მხრიდან ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა ალექსანდერ ისაკს, რომელმაც გოლის გატანასთან ერთად, საგოლე გადაცემაც მიითვალა — შვედმა ფორვარდმა ენტონი გორდონს გაატანინა. რაც შეეხება სტუმარი გუნდიდან გოლის ავტორებს, თავი ჯერ კურტის ჯოუნსმა გამოიჩინა, შემდეგ კი გუნდს მო სალაჰმა ულიდერა. ეგვიპტელმა დუბლის შესრულება მოახერხა, თუმცა ამის მიუხედავად, "კაჭკაჭებმა" ანგარიშის გათანაბრება კიდევ ერთხელ მოახერხეს. მატჩის 89-ე წუთზე, ფაბიან შერმა უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა მოახერხა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
არნე სლოტის გუნდმა ამ მატჩის შემდეგ 35 ქულა მოაგროვა, ხოლო რაც შეეხება ნიუკასლს, ედი ჰაუს გუნდი 20 ქულით, მე-11 პოზიციამდე აღზევდა.
სხვა მატჩების შედეგები:
საუთჰემპტონი 1:5 ჩელსი
ევერტონი 4:0 ვულვზი









