კლოპის ბიჭები საოცარ ფორმაში არიან და კარგ ხასიათზე იმყოფებიან, რადგან ბოლო ტურში კიდევ ერთი ლონდონური კლუბი, ჩელსი, საკუთარ კედლებში 4 : 1 გაანადგურეს.
მეორე მხრივ, კარგ ფორმაშია არსენალიც. არტეტას გუნდმა ჯერ კრისტალ პალასი დაამარცხა, წინა ტურში კი ნოტინგემთან მოახერხა 3 ქულის მოპოვება.
ეს გუნდები ერთმანეთს რამდენიმე კვირის წინ ასოციაციის თასზე შეხვდნენ, სადაც გამარჯვება კლოპის გუნდს დარჩა.
არსენალმა ბოლო 17 მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო ლივერპულთან, ორივე ემირეითზე, 2020 წლის ივლისსა და 2022 წლის ოქტომბერში.
ლივერპულმა, იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით, არსენალს 53-ჯერ გაუტანა, პრემიერ ლიგის მატჩებში კი არსენალსა და ლივერპულს შორის ჯამში 186 გოლია გასული.
პირველი წრის შეხვედრაში ამ გუნდებს შორის დაპირისპირება ფრედ 1 : 1 დასრულდა.
გუნდების დანაკლისი: არტეტა ამ შეხვედრას ტიმბერის, ვიეირას, პარტეისა და ტომიასუს გარეშე ხვდება. საეჭვო იყო გაბრიელ ჟესუსის თამაში, თუმცა ბრაზილიელი, დიდი ალბათობით, განაცხადში იქნება.
რაც შეეხება ლივერპულს - ბაიცეტიჩი, სალაჰი, ენდო, სობოსლაი, მატიპი და ციმიკაცი კლოპის განკარგულებაში არ იქნებიან. ბოლო ინფორმაციით, მაკ ალისტერმა ტრავმა მოიშუშა და თამაშს შეძლებს.
გუნდის სავარაუდო შემადგენლობები:
არსენალი: რაია, უაითი, სალიბა, გაბრიელი, ზინჩენკო, რაისი, ოდეგორი, ჰავერცი, საკა, გაბრიელ ჟესუსი, მარტინელი.
ლივერპული: ალისონი, არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი, ჯონსი, მაკ ალისტერი, გრავენბერხი, ჟოტა, ნუნიესი, დიასი.
მატჩი თბილისის დროით 4 თებერვალს, 20:30 საათზე დაიწყება.

![[პრევიუ] არსენალი ლიდერ ლივერპულს უმასპინძლებს](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FxKC9hAwSdqBaiWUyVJZFPpRRR72On1Cq.webp&w=3840&q=75)







