გუნდების პირველი დაპირისპირება პარიზში გაიმართა და ბარსელონას გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. კატალონიელთა მხრიდან დუბლი რაფინიამ გაიფორმა, ხოლო გამარჯვების გოლი კრისტენსენმა გაიტანა. პსჟ-ს მაისურით კი მეტოქის კარი დემბელემ და ვიტინიამ აიღეს.
გუნდების ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში სრული თანაფარდობაა - 1 ფრე და 2-2 მოგება. ბოლოს ბარსელონამ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის 1/8 ფინალში უმასპინძლა და უშანსოდ, 1:4 დამარცხდა - აღნიშნულ მატჩში მბაპემ 3 გოლის გატანა მოახერხა.
ჩავი (ბარსელონას მთავარი მწვრთნელი): "დღევანდელ მატჩში მთავარი სიტყვა ფეხბურთელებმა უნდა თქვან და არა მწვრთნელმა. ჩვენ გულშემატკივრების დახმარება დაგვჭირდება და იმედი მაქვს, რომ სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იქნება - მატჩის მიმდინარეობისას იქნება მომენტები, როდესაც მეტოქე პრობლემებს შეგვიქმნის და სწორედ ამ დროს უნდა ვიგრძნოთ სტადიონის მხარდაჭერა. მიმდინარე სეზონში რაფინია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია არა მხოლოდ გოლების და ასისტების კუთხით, არამედ დაცვაში თამაშითაც. როგორ შევძლებ იამალის და კუბარსის მოტივირებას? - ეს ჩემპიონთა ლიგის საღამოა და მათ არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია."

ლუის ენრიკე (პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი): "გუნდში ყველა ფეხბურთელს გამარჯვება სურს - პირველი მატჩის წაგების შემდეგ, პსჟ არასდროს გასულა შემდეგ ეტაპზე და დღეს უნდა მოხდეს ეს პირველად. სახლში მარცხი რთული იყო, თუმცა ჩვენ პროფესიონალები ვართ და დღევანდელი მატჩისთვის ტაქტიკურად კარგად მოვემზადეთ. გვინდა, რომ ჩვენი თამაში ვითამაშოთ და მეტოქე წნეხში მოვაქციოთ. ვფიქრობ, ბარსელონა ლევანდოვსკიზე გრძელი პასებით თამაშს შეეცდება და ორივე გუნდი შეძლებს გოლების გატანას."

სავარაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კუბარსი, კანსელუ, გუნდოგანი, დე იონგი, პედრი, რაფინია, იამალი, ლევანდოვსკი
პსჟ: დონარუმა, მენდეში, ერნანდესი, მარკინიოსი, ჰაკიმი, ვიტინია, ფაბიან რუისი, ზაირ-ემერი, მბაპე, დემბელე, რამოში
მატჩის ანონსი:
ბარსელონა V პსჟ:
ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩი;
16 აპრილი, 23:00 საათი;
ბარსელონა, ესტადიო ოლიმპიკო;
მთავარი მსაჯი: ისტვან კოვაჩსი.

![[პრევიუ] ბარსელონა უპირატესობის შენარჩუნებას და 1/2 ფინალში გასვლას შეეცდება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FZRENLYXcAtptxUhzgHGBAURGq6g9LzIM.webp&w=3840&q=75)








