მოწინააღმდეგე ხომ სერია ა-ს ლიდერია, რომელიც უახლოეს მდევარს, ტურინის იუვენტუსს ოთხი ქულით უსწრებს. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "ნერაძურის" ერთი მატჩი ჯერ კიდევ თადარიგში აქვს. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა "მგლები" ლიდერის შეჩერებასა და "ბებერი ქალბატონისთვის" საჩემპიონო საჩუქრის გაკეთებას.
სტადიო ოლიმპიკოს ბინადრების ვითარება სატურნირო ცხრილში ასეთია: 38 ქულა და მეხუთე ადგილი, ჩემპიონთა ლიგის ზონამდე სულ რაღაც ერთი ქულაა. ამ ეტაპზე, დე როსის გუნდის მიზანი სწორედ 4-ეულში შესვლაა. რა შეიცვალა დედაქალაქში პორტუგალიელი სპეციალისტის იტალიელით ჩანაცვლების შემდეგ?
პრაქტიკულად ყველაფერი! ტაქტიკა, თამაშის სტილი, გუნდში არსებული ატმოსფერო და ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. აშკარა იყო, რომ მადრიდის რეალისა და ლონდონის ჩელსის ყოფილმა სპეციალისტმა რომაში თავი უკვე ამოწურა. დიახ, ამ დაპირისპირებას ექნებოდა სულ სხვა ხიბლი, როდესაც ერთ მხარეს იქნებოდნენ "შავ-ლურჯები", მეორე მხარეს კი - "განსაკუთრებული", მაგრამ ამას ვერ მოვესწარით.
"ჯალორისის" შემადგენლობაში არის ფეხბურთელი, რომელსაც ასევე ბევრი რამ აკავშირებს ჯუზეპე მეაცასთან და ეს რომელუ ლუკაკუა. ვნახოთ, რას გააწყობს ბელგიელი თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, რომელთან ერთადაც რამდენიმე წლის წინ სკუდეტო მოიგო. მოკლედ, სიმონე ინძაგის გუნდისა და "მგლების" მატჩი ინტრიგას მოკლებული ნამდვილად არ არის.
რაც შეეხება ურთიერთშეხვედრების ისტორიას - 215 მატჩიდან 96 ინტერნაციონალეს გამარჯვებით დასრულდა, 62 თამაში მოიგეს ოლიმპიკოელებმა, 57-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა. ბურთების შეფარდება - 357:288, მილანელების სასარგებლოდ. ამ დუელში ყველაზე მეტი ბურთი გაიტანა "ნერაძურის" ლეგენდარულმა ფორვარდმა, ალესანდრო ალტობელიმ, რომელმაც რომას კარი საერთო ჯამში 17-ჯერ აიღო.
დანიელე დე როსი (რომას მწვრთნელი): "არ არსებობს გუნდი, რომლის დამარცხება შეუძლებელი იყოს, გამონაკლისი არც ინტერია. დიახ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მილანელები კალჩოში თამაშობენ საუკეთესო ფეხბურთს, მაგრამ ამის მიუხედავად, მეტოქის დამარცხება შეიძლება, ამის უნდა გვჯეროდეს".
მარკო ტარდელი (ინტერის ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი): "ინტერი იტალიის საუკეთესო გუნდია, როგორც შედეგითა და სტატისტიკით, ისე თამაშის ხარისხითაც. ვის გამოვარჩევდი მილანელებიდან ყველაზე მეტად? - ჩალჰანოღლუს! ის ანჩელოტის დამრიგებლობის ქვეშ "როსონერიში" მოთამაშე პირლოს მაგონებს".
რომას ბოლო 5 მატჩი: რომა-კალიარი 4:0, სალერნიტანა-რომა 1:2, რომა-ვერონა 2:1, მილანი-რომა 3:1, რომა-ატალანტა 1:1;
ინტერის ბოლო 5 მატჩი: ინტერი-იუვენტუსი 1:0, ფიორენტინა-ინტერი 0:1, მონცა-ინტერი 1:5, ინტერი-ვერონა 2:1, ჯენოა-ინტერი 1:1;
ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი): ინტერი-რომა 1:0, რომა-ინტერი 0:2, ინტერი-რომა 1:2, ინტერი-რომა 3:1, ინტერი-რომა 2:0;
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
რომა: პატრისიო, ლორენტე, მანჩინი, კარსდორპი, ანხელინო, პარედესი, კრისტანტე, პელეგრინი, ელ შაარავი, დიბალა, ლუკაკუ.
დანაკლისი: სპინაცოლა, სმოლინგი, აბრაჰამი, ნდიკა.
ინტერი: ზომერი, აჩერბი, პავარი, ბასტონი, დარმიანი, დიმარკო, მხითარიანი, ჩალჰანოღლუ, ბარელა, ტურამი, ლაუტარო.
დანაკლისი: კუადრადო, ფრატეზი.
რომა-ინტერი
იტალიის სერია ა, 24-ე ტური, 21:00 (თბილისის დროით);
სტადიო ოლიმპიკო, რომი.
მთავარი მსაჯი: მარკო გუიდა

![[პრევიუ] დე როსის პირველი რთული გამოცდა რომას მწვრთნელის რანგში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FxhukT8NkpPiobMEspTLpD6j9AYVFzNnq.webp&w=3840&q=75)







