დავიწყოთ "ფურია როხათი", ჯგუფური ეტაპი - სამიდან სამი გამარჯვება, ხორვატიასთან, იტალიასა და ალბანეთთან. მერვედფინალში მომავალ ფინალისტს ელოდა საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელსაც პირენეელებმა 4:1 მოუგეს. შემდეგ იყო ევრო 2024-ის მასპინძელი გერმანია, ბოლოს კი საფრანგეთი, ორივეს "წითლებმა" 2:1 მოუგეს.
"სამი ლომის" უფრო რთული და პრობლემური გზა გაიარა - ჯგუფში მოპოვებული მხოლოდ ერთი გამარჯვება, მინიმალური ანგარიშით სერბეთის ნაკრებთან. შემდეგ იყო ორი ფრე, დანიასა და სლოვენიასთან. ბრიტანელები 5 ქულით მაინც გავიდნენ პირველ პოზიციაზე, 1/8 ფინალში კი ურთულეს ბრძოლაში სლოვაკეთი დაამარცხეს.
ფეხბურთის დამაარსებლები 91-ე წუთამდე აგებდნენ, თუმცა შემდეგ, ჰარი კეინისა და ჯუდ ბელინგემის დახმარებით, "თეთრ-ლურჯების" ბარიერი მაინც გადალახეს. 1/4 ფინალი: გარეტ საუთგეიტის გუნდის კიდევ ერთი ურთულესი მატჩი, ამჯერად შვეიცარიის ნაკრებთან, რომლის ბედიხ 11-მეტრიანების სერიაში გადაწყდა.
ნახევარფინალში კი ინგლისმა ნიდერლანდები დაამარცხა. ბევრის აზრით, ამ შეხვედრის ფავორიტი 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი იყო და თავიდან "სამი ლომი" აგებდა კიდეც, მაგრამ 90-ე წუთისთვის ყველაფერი "მფრინავი ჰოლანდიელებისთვის" სამწუხაროდ დასრულდა. ერთი სიტყვით, ბრიტანელები ფინალში არიან.
ფეხბურთის დამაარსებლები არასდროს ყოფილან ევროპის ჩემპიონები, მათ ანგარიშზეა ერთადერთი ფინალი - 2021 წლის ტურნირზე, რომელიც "სკუადრა აძურას" მოგებით დასრულდა. ესპანეთს კი 3-ჯერ დაუსრულებია ტრიუმფით ევრო, 1964-ში, 2008-სა და 2012-ში. ეს არის საუკეთესო შედეგი "ბუნდესნაკრებთან" ერთად, რომელიც ჩემპიონი ასევე 3-ჯერ არის.
საუთგეიტის გუნდის დამარცხების შემთხვევაში, "ფურია როხა" ოთხი ჩემპიონობით ერთპიროვნული ლიდერი გახდება. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრების ისტორიას: 27 მატჩი - 14-ჯერ მოიგო ინგლისმა, 10-ჯერ პირენეელებმა, 3 შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა. ამ დუელის საუკეთესო გოლეადორი არის გარი ლინეკერი, რომელმაც "წითლებს" სხვადასხვა დროს 4 ბურთი გაუტანა.
ფავორიტად მოიაზრება ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, თამაშის ხარისხის გამო, ასევე იმის გათვალისწინებით, თუ რა სირთულის გზა გამოიარა ესპანეთმა. როგორც აღვნიშნეთ, ამ გუნდმა ბრძოლას გამოთიშა ორი ფავორიტი: "მამლები" და "მანშაფტი".
მესამე მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის დაგროვილი გამოცდილება - დიახ, ეს სწორედ "ფურია როხას" ტურნირია. "სამი ლომის" სასარგებლოდ თამაშობს ურთიერთმატჩების ფაქტორი, ასევე კონტინენტზე პირველი ტიტულის მოგების სურვილი. მოგების შემთხვევაში, ეს იქნება ბრიტანელთა პირველი თასი 1966-ის მუნდიალის შემდეგ.
ბოლოს კი შევეხოთ ბომბარდირობის საკითხს. ამ დროისთვის თანაფარდობა არის ექვს ფეხბურთელს შორის, ესენი არიან - ჰარი კეინი, დანი ოლმო, ჯამალ მუსიალა, კოდი გაკპო, გიორგი მიქაუტაძე და ივან შრანცი, 3 ბურთი. უეფამ შეცვალა წესები და იმ შემთხვევაში, თუ ისევ იქნება თანაფარდობა, პრიორიტეტი აღარ იქნება ასისტების რაოდენობა ან მოედანზე გატარებული წუთები.
დიახ, საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო თანაბრად გადანაწილდება ყველაზე. ზემოაღნიშნული ექვსეულიდან ფინალში ითამაშებენ კეინი და ოლმო - იმ შემთხვევაში თუ ამ დუეტიდან ერთ-ერთი მაინც გაიტანს, დანარჩენი მოთამაშეები გოლეადორის პრიზის მიღების შანსს დაკარგავენ.
სავარაუდო შემადგენლობები:

![[პრევიუ] დღეს ევრო 2024-ის ფინალია!](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F4307D5W4XJWZcEpcJpoKVzvs0kynwZ2S.webp&w=3840&q=75)









