შემადგენლობის სიძლიერის გათვალისწინებით, "მამლები", ინგლისის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტებად მიიჩნევიან, თუმცა მათი თამაშის ხარისხი ბევრ კითხვას აჩენს. ევრო 2024-ის დაწყებიდან - დღემდე, "სამფეროვნებმა" სულ რაღაც 3 ბურთი გაიტანეს, ჯგუფურ ეტაპზე კი 5 ქულა მოაგროვეს.
ავსტრიასთან მინიმალური ანგარიშით გამარჯვების შემდეგ, იყო უგოლო ფრე ნიდერლანდებთან, 1:1 პოლონეთთან და ისევ 1:0 ბელგიასთან. გალიელებს კილიან მბაპე აიმედებთ, რომელიც თავისი საუკეთესო თამაშის ჩვენებას რატომღაც ვერ ახერხებს. მართალია, ევროს ჯგუფურ ეტაპზე მან თავისი პირველი ბურთი გაიტანა, მაგრამ ქომაგები ფრანგი ფორვარდისგან უფრო მეტს ელიან.
ცხადია, მადრიდის რეალის თავდამსხმელის შედეგიანობაზე უარყოფითად იმოქმედა ცხვირის მოტეხილობამ და ნიღბით თამაშმა, რაც თავად ფეხბურთელის თქმით, კომფორტული სულაც არ არის. დღეს, დიდიე დეშამის გუნდის 10-იანი ორმაგი მოტივაციით ითამაშებს, რადგან მის პირისპირ ბავშვობის კუმირი, კრიშტიანუ რონალდუ იქნება.
25 წლის თავდამსხმელისგან განსხვავებით, თავისი გოლის გატანა პორტუგალიელმა შემტევმა ჯერჯერობით ვერ მოახერხა. იმის გათვალისწინებით, რომ ალ-ნასრის კაპიტანი კარში ევრო 2024-ის სხვა მოთამაშეებზე ხშირად ურტყამს. სლოვენიასთან მატჩში ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ მისი 11-მეტრიანი იან ობლაკმა მოიგერია.
იქამდე, რონალდუმ გოლის გატანა ვერ მოახერხა თურქეთთან, ჩეხეთსა და საქართველოსთან. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურისთვის პორტუგალიას განაღდებული ჰქონდა 1/8 ფინალში თამაში და პირველი პოზიციაც, მაგრამ ამის მიუხედავად, კრიშტიანუ მოედნიდან მაინც უგოლოდ გავიდა. ამის მიზეზი გიორგი მამარდაშვილისა და ზოგადად "ჯვაროსნების" მთლიანი უკანახაზის, ბრწყინვალე თამაში იყო.
როგორც ცნობილია, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი პირენეელთა შვიდიანის კარიერაში უკანასკნელი იქნება. ეს არის ერთგვარი დამატებითი მოტივაცია როგორც 39 წლის ფორვარდისთვის, ისე ზოგადად, "ევროპელი ბრაზილიელებისთვისაც". აქვე დავამატებთ, რომ ამ წყვილში მოგებული გუნდი ესპანეთი - გერმანიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ურთიერთშეხვედრების მხრივ აშკარა უპირატესობა საფრანგეთის მხარეს არის - 28 თამაშიდან 19 გამარჯვება. ექვსჯერ მოიგეს ლუზიტანებმა და სამი მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდების მხრივაც "მამლები" დომინირებენ, 52:31. შთამბეჭდავი შედეგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ევრო 2016-ის ფინალში "სამფეროვნებმა" სწორედ პორტუგალიასთან წააგეს.
სავარაუდო შემადგენლობა:

![[პრევიუ] ევრო 2024 - რონალდუსა და მბაპეს ბოლო შეხვედრა კონტინენტის პირველობაზე](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fm1apnNJIH1QErsqRMMUVGIt2KVHOAIZO.webp&w=3840&q=75)









