სლოვენია-სერბეთი (17:00)
C ჯგუფის დაპირისპირება. პირველ ტურში სლოვენიამ ფრე ითამაშა დანიასთან, სერბეთი კი ინგლისთან დამარცხდა. ცხადია, ორივე გუნდი ითამაშებს მოგებაზე, განსაკუთრებით სერბეთი, რომელსაც ამ დროისთის 0 ქულა აქვს. შემადგენლობის სიძლიერის მხრივ ფავორიტად მოიაზრება სწორედ სერბეთი, მაგრამ სლოვენია არაფრის დათმობას არ აპირებს.
ეს ნაკრებები ერთმანეთს შეხვედრილან ოთხჯერ. ერთხელ იმარჯვა სერბეთმა, ერთხელაც სლოვენიამ, ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ამ დაპირისპირების საუკეთესო გოლეადორი 2 ბურთით არის ალექსანდარ მიტროვიჩი, რომელიც დღესაც მოედანზე იქნება.
დანია-ინგლისი (20:00)
ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, რომელმაც ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. სერბეთის დამარცხების შემდეგ, ინგლისის მოწინააღმდეგე ამჯერად დანია იქნება. არსებობს მოსაზრება, რომ "3 ლომის" შემადგენლობის ვარსკვლავურობის გათვალისწინებით, ამ ნაკრებს სერბეთთან მატჩში გაცილებით მეტი შეეძლო.
ბრიტანელები ფავორიტები იქნებიან დღესაც, ნაკრებთან, რომელთანაც 22 შეხვედრაში 13-ჯერ მოიგეს. ხუთი თამაში დასრულდა ფრედ, ოთხჯერ კი დანიამ მოიგო. ორივე ეროვნული გუნდი ითამაშებს ოპტიმალური შემადგენლობით და ის ფაქტი, რომ ფეხბურთის დამაარსებლები იქნებიან დანაკლისის გარეშე, მათი მოგების შანსები კიდევ უფრო იზრდება.
ესპანეთი-იტალია (23:00)
ტურისა და ზოგადად მთელი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება. თანამედროვე ფეხბურთის კლასიკა - ესპანეთი იტალიის წინააღმდეგ. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ფურია როხამ" გაანადგურა ხორვატია (3:0), "სკუადრა აძურამ" კი გარკვეული სირთულეებით ალბანეთს მოუგო (2:1).
ორივე გუნდი ითამაშებს ოპტიმალური შემადგენლობით და გამარჯვების შემთხვევაში, სამი ქულის მომპოვებელი გუნდი პლეი-ოფში თამაშს გაინაღდებს. ხორვატია და ალბანეთს აქვთ 1-1 ქულა, მე-3 ტურში მოგების შემთხვევაშიც კი ისინი 6 ქულის მქონე გუნდს ფიზიკურად ვერ დაეწევიან.
ესპანეთი და იტალია აქამდე 40-ჯერ შეხვედრილან ერთმანეთს. 15-ჯერ იმარჯვა "ფურია როხამ", 13 შემთხვევაში დაფიქსირდა ფრე, 12-ჯერ კი იტალიამ მოიგო. ჯერ კიდევ ევრო 2008-დან მოყოლებული ეს გუნდები ყოველ კონტინენტის პირველობაზე ხვდებიან ერთმანეთს.

![[პრევიუ] ევრო 2024 - თანამედროვე ფეხბურთის კლასიკა: ესპანეთი V იტალია](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FHo9TwpT3h06unBRMRTccoofhDvR8ihpw.webp&w=3840&q=75)









