ჯგუფურ ეტაპზე სამიდან სამი მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "ფურია როხამ" მერვედფინალში დაამარცხა ევროპის ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა - საქართველოს ეროვნული გუნდი. პირენეელებმა ოთხივე მატჩში ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი აჩვენეს, რომლის წინააღმდეგ იარაღი თითქოს არ მოიძებნება.
წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე ტოპ ნაკრებებს არაერთხელ გამოუჩენიათ თავიანთი სუსტი მხარეები, თუმცა ეს არ ითქმის "წითლებზე", რომლებმაც სრულყოფილად ჩაატარეს როგორც ჯგუფური ეტაპი, ისე პლეიოფიც. "ჯვაროსნების" გარდა, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს ვერაფერი დაუპირისპირა იტალიამ, ხორვატიამ და ალბანეთმა.
ტრადიციულად, ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს გვთავაზობს "ბუნდესნაკრებიც", რომელმაც გახსნით შეხვედრაში შოტლანდიის ეროვნული გუნდის განადგურების შემდეგ, მოუგო უნგრეთსაც, მაგრამ შემდეგ იყო ბოლო წუთზე მოპოვებული ფრე შვეიცარიასთან, მატჩის მიმდინარეობისას კი მასპინძლები ჯგუფში პირველი პოზიციის დაკარგვის საშიშროების წინაშე იდგნენ.
"მანშაფტმა" ხასიათი გამოისწორა მერვედფინალში, დანიის ნაკრების დამარცხებით. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ორივე ეროვნული გუნდი დანაკლისის გარეშე ითამაშებს, ოპტიმალური შემადგენლობით. აქვე დავამატებთ, მათ შორის მოგებული გუნდი ევრო 2024-ის 1/2 ფინალში საფრანგეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ამ ნაკრებების ურთიერთშეხვედრების ისტორია საკმაოდ მდიდარია - 26 თამაში, აქედან ცხრაჯერ იმარჯვეს "ალემანებმა", რვაჯერ ესპანელებმა, კიდევ ცხრა მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 32:31 "ფურია როხას" სასარგებლოდ. ამ დაპირისპირების საუკეთესო გოლეადორები 3-3 ბურთით რაულ გონსალესი და ფერან ტორესი არიან.
როგორც ვხედავთ, ბარსელონას გარემარბს დღეს სტატისტიკის გაუმჯობესების შესაძლებლობაც აქვს. ამ ნაკრებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა 16 წლის წინ, ევრო 2008-ის ფინალში, რომელშიც ფერნანდო ტორესის ბურთით პირენეელებმა იმარჯვეს. აქვე დავამატებთ, 3-3 თასით, გერმანელები და "წითლები" ევროს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდები არიან.
სავარაუდო შემადგენლობა:

![[პრევიუ] ევრო 2024 - ტურნირის ყველაზე ტიტულოვანი გუნდები ერთმანეთის პირისპირ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6tDqXu1AIKuOMVcP2gQuHM2SyoZlrD48.webp&w=3840&q=75)









