დავიწყოთ სლავია პრაღა - მილანით. პირველ მატჩში როსონერის ჩეხურმა გუნდმა ბევრი პრობლემა შეუქმნა. იმის მიუხედავად, რომ სლავია 10 კაცით დარჩა, მილანმა ეს უპირატესობა დიდად მაინც ვერ გამოიყენა. 4-2 ფურცელზე თითქოს კარგი ანგარიშია, მაგრამ თამაშმა გვაჩვენა, რომ სლავია არაფრის დათმობას არ აპირებს და ახლა ამ ყველაფერს სახლში თამაშის უპირატესობაც ემატება. მილანში ასევე სხვა პრობლემებიცაა - ფინანსურმა პოლიციამ კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რაც რა თქმა უნდა გუნდზე იმოქმედებს და ესეც სლავიას უქმნის გარკვეულ უპირატესობას.
ინდრიხ ტრაპიშოვსკი (სლავია პრაღას მწვრთნელი): საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ. მოედანზე შიშიტ არ უნდა გავიდეთ და საკუთარი ძალების უნდა ვირწმუნოთ. ჩვენი სტილი გვაქვს და ამას არ უნდა გადავუხვიოთ. ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ.

სტეფანო პიოლი (მილანის მწვრთნელი): "გამოძიება კლუბის წინააღმდეგ? ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ, ჩვენი საქმე მოედანზე წარმატების მიღწევაა. სლავიასთან რთული მატჩი გველოდება, მეტოქე ძლიერია და ეს პირველ თამაშშიც კარგად დავინახეთ. მართალია 2-ბურთიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ საქმე ბოლომდე ჯერ არ მიგვიყვანია."

სავარაუდო შემადგენლობები:
სლავია პრაღა: სტანეკი, ვლჩეკი, ჰოლესი, ზიმა, ოგბუ, დორლეი, მასოპუსტი, დუდერა, პროვოდი, ზრმზლი, ჩიტილი.
დანაკლისი: დიუფი, პეჩი, ზაფეირისი, კოლარი, სევციკი, სინიანი.
მილანი: მენიო, კალაბრია, გაბია, ტომორი, ტეო ერნანდესი, მუსა, ადლი, პულისიკი, ლოფტუს-ჩიკი, ლეაო, ჟირუ.
დანაკლისი: ფლორენცი, პობეგა.
ევროპა ლიგის სხვა მატჩები:
ვესტ ჰემი-ფრაიბურგი (21:45) – პირველ მატჩში სრულიად თანაბარი თამაში ვიხილეთ, თუმცა მასპინძელი გუნდი 81-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით, განმეორებით შეხვედრას პატარა უპირატესობით ხვდება. ლონდონში დაძაბული მატჩის მოლოდინია.
ვილიარეალი-მარსელი (21:45) – გატუზოს წასვლის შემდეგ, მარსელი საოცარ ფორმაში შევიდა. გუნდს ზედიზედ 5 გამარჯვება აქვს, მათ შორის იყო ვილიარელის განადგურებაც. იმის მიუხედავად, რომ ესპანელები სახლში ითამაშებენ, მათი შანსები თითქმის ნულს უტოლდება.
რეინჯერსი-ბენფიკა (21:45) – პირველი მატჩებიდან ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება სწორედ ამ წყვილში ვიხილეთ. ლისაბონში გუნდებმა ნამდვილი ბრძოლა გამართეს, 4 გატანილი გოლის გარდა, გუნდებმა უამრავი სახიფათო მომენტი შექმნეს. განმეორებითი მატჩიც წესით და რიგით საინტერესო გამოვა, შანსები აშკარად 50-50 ზეა.
ატალანტა-სპორტინგი (23:55) – ორი გამორჩეული გუნდის მორიგ დაპირისპირებას ამჯერად ბერგამოში ვიხილავთ. იმის მიუხედავად, რომ გასპერინის გუნდი ძალიან ცუდ ფორმაშია, სახლში თამაშის გამო ოდნავი უპირატესობა მათ მხარესაა. საოცარ ფორმაშია სპორტინგის შვედი ფორვარდი გიოკერესი, რომელიც განმეორებით შეხვედრაში მთავარი დაკვირვების ობიექტი იქნება.
ბრაიტონი-რომა (23:55) – სულ სხვა მოლოდინი იყო პირველი შეხვედრის წინ, თუმცა დე როსის ბიჭებმა დე ძერბის გაკვეთილი იტალიურად ჩაუტარეს. ინგლისურმა გუნდმა საერთოდ ვერაფერი მოხუერხა დედაქალაქულ კლუბს და ამ წყვილშიც თითქმის ყველაფერი გარკვეულია.
ლევერკუზენი-ყარაბაღი (23:55) – ამ სეზონში ალონსოს გუნდი წაგებასთან ყველაზე ახლოს ყარაბართან იყო. აზერბაიჯანული გუნდი პირველ შეხვედრაში 2-0 იგებდა, თუმცა შემდეგ გერმანული მანქანა ჩაირთო და მატჩი ფრედ დასრულდა. სახლში ფავორიტი რა თქმა უნდა ფარმაცევტები იქნებიან.
ლივერპული-სპარტა პრაღა (23:55) - ამ წყვილში ფავორიტმა იმედები გაამართლა. კლოპის გუნდმა პირველ შეხვედრაში ყველაფერი დაამთავრა. მეორე მატჩი უბრალოდ ფორმალობა იქნება.

![[პრევიუ] ევროპა ლიგა: საინტერესო განმეორებითი მატჩების მოლოდინში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FyWk2v7qIogfGkXRMQ5uEzeqrSDnhoZcq.webp&w=3840&q=75)







