დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება, საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. ნაპოლიმ შოუ დადგა და მეტოქე 5:1 გაანადგურა. კალცონას გუნდი იმავეს გაკეთებას თუ არა, გამარჯვების მოპოვებას აუცილებლად შეეცდება, რადგან გასულ ტურში სასუოლო გაანადგურეს და კარგ განწყობაზე არიან.
ნაპოლისთვის დიდი ფუფუნებაა ვიქტორ ოსიმენის დაბრუნება, რაც წინა ტურშიც გამოჩნდა. ფაქტია, კვარაცხელია ოსიმენთან ერთად უფრო გახსნილი და შედეგიანია.
იუვენტუსს ბოლო პერიოდში კარგი დრო არ უდგას და ბოლო 5 მატჩიდან, მხოლოდ ერთი მოიგო, ლიდერ ინტერს 12 ქულით ჩამორჩა და საჩემპიონო შანსები შეიმცირა.

ფრანჩესკო კალცონა (ნაპოლის მწვრთნელი): "წინა ტურში ასეთი გამარჯვება კარგი იყო, მაგრამ კიდევ მეტი მოგება გვჭირდება, რათა ცხრილში კომფორტული პოზიციები დავიკავოთ. იუვენტუსთან გამარჯვება ჩვენთვის ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი იქნება. მოხარული ვარ, რომ ოსიმენი დაბრუნდა, კვარაცხელიამ კი თავისი ძველი ფორმა დაიბრუნა."
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსის მწვრთნელი): "ნეაპოლში უკვე 5 წელია არ მოგვიგია, ამიტომ ურთულესი მატჩი გველის. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ადგილზეა ამჟამად გუნდი, მათ საკმაოდ ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ და ბევრი ხიფათის შექმნა შეუძლიათ. სასუოლოსთან უმაღლესი დონის თამაში გვაჩვენეს. ნაპოლის ოსიმენი დაუბრუნდა, რომელიც გუნდისთვის დიდი ძალაა. წელს მათ პრობლემები აქვთ, მაგრამ კლასი მაინც მაღალია. ვინ შეეცდება კვარაცხელიას შეჩერებას, ვეა თუ კამბიასო? - ამას მოედანზე ვნახავთ, წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ფაქტია, ნაპოლის შეტევაში ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს."

ნაპოლის ბოლო 5 მატჩი: სასუოლო-ნაპოლი 1:6, კალიარი-ნაპოლი 1:1, ნაპოლი-ბარსელონა 1:1, ნაპოლი-ჯენოა 1:1, მილანი-ნაპოლი 1:0;
იუვენტუსის ბოლო 5 მატჩი: იუვენტუსი-ფროსინონე 3:2, ვერონა-იუვენტუსი 2:2, იუვენტუსი-უდინეზე 0:1, ინტერი-იუვენტუსი 1:0, იუვენტუსი-ემპოლი 1:1;
ნაპოლი-იუვენტუსი:
იტალიის სერია ა, 27-ე ტური;
3 მარტი, 23:45 ( თბილისის დროით);
სტადიო დიეგო არმანდო მარადონა, ნეაპოლი;
მთავარი მსაჯი: მაურუციო მარიანი;
სავარაუდო შემადგენლობები
ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, ოლივერა, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.
დანაკლისი: კაიუსტე, ნგონგე.
იუვენტუსი: შესნი, გატი, ბრემერი, დანილო, კამბიასო, ალკარასი, ლოკატელი, მირეტი, კოსტიცი, კიეზა, ვლაჰოვიჩი.
დანაკლისი: დე შილიო, კინი, მაკკინი, პერინი.

![[პრევიუ] განმეორდება წინა წლის შედეგი? - ნაპოლი შინ იუვენტუსს მიიღებს](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FjrfyXJKaAytc6XH3GTKqMW7TmAE6VjEB.webp&w=3840&q=75)







