ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მოედანს უბრუნდება და დიდი ალბათობით, მას ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ. მოგეხსენებათ, წინა ტურის მატჩი კვარაცხელიამ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
მიმდინარე სეზონში, სკუდეტოს მოქმედი ჩემპიონი ცუდ ფორმაშია, რაც, ალბათ, მოსალოდნელიც იყო. შეიცვალა მწვრთნელი, თუმცა ამან დიდად შედეგი ვერ გამოიღო. ვალტერ მაცარისთან ერთად "ნაპოლის" პროგრესი მაინც არ შეინიშნება და 32 ქულით გუნდი მე-9 ადგილს იკავებს, რაც მოქმედი ჩემპიონის სტატუსის მქონე კლუბისთვის საშინელი შედეგია.
მომდევნო შეხვედრებში "ნაპოლის" აუცილებლად მოგებები სჭირდება, რათა ევროტურნირებზე გასვლის შანსი მაინც არ დაკარგოს. ჩემპიონობაზე ფიქრი კი უკვე ზედმეტია.
მიუხედავად "ნაპოლის" ჩავარდნილი სეზონისა, კვარაცხელიას სერია ა-ში მაინც ნორმალური სტატისტიკა აქვს - 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა, მაგრამ მის მიმართაც დიდი კრიტიკაა და უფრო მეტს ითხოვენ.

ვალტერ მაცარი (ნაპოლის მწვრთნელი): "ვერონა ჩვენთვის ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო. ფეხბურთელებმა ამ მატჩის მნიშვნელობა კარგად უნდა გაითავისონ და მოედანზე მოსაგებად გამოვიდნენ. უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ, რათა გოლები გავიტანოთ. ტორინოსთან მატჩს თუ არ ჩავთვლით, ბოლო შეხვედრებში ჩვენი პროგრესი აშკარაა. ასევე, საჯარიმოს გარედან ხშირად უნდა დავარტყათ და ბევრი ალტერნატივა ვცადოთ, რომ საგოლე მომენტები შევქმნათ"
მარკო ბარონი (ვერონას მწვრთნელი): "რთულია ისეთ სტადიონებზე თამაში, რომლის გარემოც დიდ ემოციებს იწვევს, ნეაპოლის სტადიონი კი ამ სიაშია. რთული მატჩი იქნება, ნაპოლი მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ მოედანზე ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და მაქსიმუმი ჩავდოთ"
ნაპოლის ბოლო 5 მატჩი: ლაციო-ნაპოლი 0:0, ნაპოლი-ინტერი 0:1, ნაპოლი-ფიორენტინა 3:0, ნაპოლი-სალერნიტანა 2:1, ტორინო-ნაპოლი 3:0
ვერონას ბოლო 5 მატჩი: ვერონა-ფროსინონე 1:1, რომა-ვერონა 2:1, ვერონა-ემპოლი 2:1, ინტერი-ვერონა 2:1, ვერონა-სალერნიტანა 1:2
ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5): ვერონა-ნაპოლი 1:3, ნაპოლი-ვერონა 0:0, ვერონა-ნაპოლი 2:5, ვერონა-ნაპოლი 1:2, ნაპოლი-ვერონა 1:1
საინტერესო ფაქტები
ვერონა ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეუსრულა.
იანვრის სატრანსფერო ბაზარზე ვერონამ მთელს ევროპაში ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავა - 44.7 მილიონი ევრო.
ტრანსფერებიდან გამომუშავებული თანხით ნაპოლი ევროპაში მეექვსეა - 24 მილიონი ევრო.
ნაპოლის ვერონასთან შინ 1983 წლის შემდეგ არ წაუგია (16 მოგება და 8 ფრე).
ვერონას სტუმრად უკვე ზედიზედ 10 მატჩია არ მოუგია.
ნაპოლი - ვერონა
იტალიის სერია ა, 23-ე ტური
სტადიო დიეგო არმანდო მარადონა, ნეაპოლი, 18:00 (თბილისის დროით)
მთავარი მსაჯი: მარკო პიჩინინი (იტალია)
სავარაუდო შემადგენლობა: გოლინი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, პოლიტანო, სიმეონე, კვარაცხელია
დანაკლისი: ოსიმენი, მერეტი, ოლივერა

![[პრევიუ] ხვიჩა კვარაცხელია ბრუნდება! - ნაპოლი ვერონას წინააღმდეგ ითამაშებს](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FkXrveDfiZNeIx73lL3pNhWoYcFwfWWg4.webp&w=3840&q=75)







