ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე "ბლაუგრანამ", საერთო ჯამში, მარტივად დაძლია ნაპოლის ბარიერი, "ინდიელებმა" კი დრამატულ ბრძოლაში ასპარეზობას მილანის ინტერი გამოთიშეს. როგორც გვახსოვს, თამაშის ბედი 11-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა, სადაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა იან ობლაკი. მან ალექსის სანჩესისა და დეივი კლასენის დარტყმები მოიგერია.
საინტერესოა ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დამარცხებული "ნერაძური" და "პარტენოპეი" ამ შეხვედრის პარალელურად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. აქვე დავამატებთ, რომ ევროთასებზე "ლურჯ-ბროწეულისფრების" შემდეგი მეტოქე პარის სენ-ჟერმენი იქნება, დიეგო სიმეონეს კოლექტივის მეტოქე კი - დორტმუნდის ბორუსია.

რაც შეეხება ლა ლიგაში არსებულ მდგომარეობას, 28 ტურის შემდეგ, კამპ ნოუს ბინადრები 61 ქულით მესამე ადგილზე არიან და ამ დროისთვის ჩემპიონატის ლიდერს, მადრიდის რეალს 11 ქულით ჩამორჩებიან. მეტროპოლიტანოს ბინადრები კი 55 ქულით მე-5 პოზიციაზე არიან. ორივე გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში დამკვიდრებაა.
რატომ მხოლოდ ეს და არა ლა ლიგაში ტრიუმფი? - ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირველადგილოსანმა "სამეფო კლუბმა" ამხელა უპირატესობა გაანიავოს. ამ ორი გუნდის 241-მატჩიან ისტორიაში, 109 მოგება ბარსას სასარგებლოდ არის, 76-ჯერ იმარჯვა ატლეტიკომ, 56 შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა.
ბურთების შეფარდება - 452:348, კატალონიელების სასარგებლოდ. ყველაზე მეტი, 32 გოლი ლიონელ მესის ანგარიშზე არის. მადრიდელების მხრიდან კი საუკეთესო გოლეადორი, 13 ბურთით, პაკო კამპოსია. აქვე დავამატებთ, პირველ წრეში მინიმალური სხვაობით მოიგო "ბლაუგრანამ", გოლის ავტორი, სწორედ "როხიბლანკოს" საკუთრებაში მყოფი, ჟოაო ფელიქსია.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკოს მწვრთნელი): "ბარსელონას ძალიან კარგად ვიცნობთ და მინდა აღვნიშნო, რომ ეს გუნდი ჩვენთვის მართლაც უხერხული მეტოქეა. მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს. ამ მატჩში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ფეხბურთელებს შორის მოსალოდნელი ორთაბრძოლები და უნდა ითქვას, რომ ჩვენ მზად ვართ".
ხავი ერნანდესი (ბარსელონას მწვრთნელი): "ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ეს გუნდი პრიმერა დივიზიონში ერთ-ერთი საუკეთესოა. შეიცვალა მადრიდელთა ტაქტიკა, მაგრამ ამით, ეს გუნდი სულაც არ შესუსტებულა. "როხიბლანკო" უბრალოდ სხვანაირი გახდა".
ატლეტიკოს ბოლო 5 მატჩი: ატლეტიკო-ინტერი 2:1, კადისი-ატლეტიკო 2:0, ატლეტიკო-ბეტისი 2:1, ბილბაო-ატლეტიკო 3:0, ალმერია-ატლეტიკო 2:2.
ბარსელონას ბოლო 5 მატჩი: ბარსელონა-ნაპოლი 3:1, ბარსელონა-მალიორკა 1:0, ბილბაო-ბარსელონა 0:0, ბარსელონა-ხეტაფე 4:0, ნაპოლი-ბარსელონა 1:1.
სავარაუდო შემადგენლობები:
ატლეტიკო: ობლაკი, ვიტსელი, სავიჩი, ერმოსო, ლინო, ლორენტე, კოკე, დე პაული, ბარიოსი, გრიზმანი, მორატა.
დანაკლისი: პაულო.
ბარსელონა: ტერ შტეგენი, კუბარსი, არაუხო, კუნდე, კანსელო, კრისტენსენი, გუნდოგანი, რაფინია, იამალი, ფელიქსი, ლევანდოვსკი.
დანაკლისი: დე იონგი, პედრი, გავი, ბალდე.
ატლეტიკო-ბარსელონა:
ლა ლიგის 29-ე ტური;
17 მარტი, 23:55 საათი;
მეტროპოლიტანო, მადრიდი;
მთავარი მსაჯი: ხოსე მარია სანჩეს მარტინესი (ესპანეთი).

![[პრევიუ] ლა ლიგის ცენტრალური მატჩი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისტების მონაწილეობით](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F8uHqg9pOmGtqE1yNeO6QHLOmRUxcV1IY.webp&w=3840&q=75)









