ამ მატჩს ჩვენგან დიდი აფიშა არ სჭირდება, რადგან ისედაც მთელმა ქვეყანამ იცის, რა მნიშვნელობას ატარებს ეს შეხვედრა საქართველოსთვის. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ გაყიდვიდან 5 საათში მატჩზე დასასწრები აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაიყიდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბერძნებიც საკმაოდ აქტიურობენ და ბოლო ინფორმაციით, თბილისს 2 ათას ბერძენ გულშემატკივარზე მეტი ეწვევა.
სასიხარულოა, რომ ნაკრებს მთავარი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდა, რომელმაც ლუქსემბურგთან მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
ვილი სანიოლი ოპტიმისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ ამ ისტორიული მატჩისთვის მისი ნაკრები სრულ მზადყოფნაშია.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): ძალების აღსადგენად 4-5 დღე გვქონდა, ზოგმა ფეხბურთელმა აღდგენა ბოლომდე შეძლო, ზოგმა კი ვერა, თუმცა ამ დროისთვის, 26-ვე ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია. დღეს კიდევ ერთი ვარჯიში გვექნება, ხვალ კი ისეთივე კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ, როგორც ლუქსემბურგთან. როცა გავიგეთ, რომ ბერძნებს ვეთამაშებოდით, ვიცოდით, წინ რთული მატჩი გველოდა ორი მიზეზის გამო: ერთი მიზეზი ის არის, რომ მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მეორე კი ის, რომ ეს ფინალია და ფინალში ნებისმიერ მეტოქესთან მძიმე მატჩი გვექნებოდა."
ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): "თქვენ მსგავსად, ამ მატჩს ჩვენც მოუთმენლად ველით. გათავისებული გვაქვს, თუ რა შეუძლია გააკეთოს ამ შეხვედრამ ქვეყნისთვის და ამაღლებული განწყობით ვართ. ვამაყობ იმ ნაკრებში თამაშით, რომელსაც ქვეყნისთვის დიდი სიხარულის მოტანა შეუძლია. გამარჯვებულის მენტალიტეტი რომ გვაქვს, ბევრჯერ დაგვიმტკიცებია. დარჩენილია უბრალოდ მოედანზე გასვლა და კარგი თამაში, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. დადებითად მოქმედებს ის ფაქტი, რომ სტადიონზე მოსვლა უამრავ გულშემატკივარს სურს. მილიონი ბილეთიც რომ გაეყიდათ, ყველა გაიყიდებოდა."

გუს პოიეტი (საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი): "საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზე და ჩემი მიზანია ხვალინდელი თამაშისთვის ნაკრები კარგად მოვამზადო. წარსულს და იმას, რომ საქართველოს საბერძნეთთან არასდროს მოუგია, ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს. მაქვს თუ არა კვარაცხელიას შეჩერების გეგმა? - ამას არ გაგიმხელთ. არამგონია, წინა მოგების შემდეგ სანიოლმა ტაქტიკურად ბევრი რამ შეცვალოს. მთავარი ისაა, რომ ფინალური თამაშისთვის ჩვენ კარგად მოვემზადეთ და ეს ხვალ გამოჩნდება. ორივე ნაკრებს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს და გადამწყვეტი ის იქნება, თუ როგორ გაუძლებენ ისინი დიდ წნეხს და როგორ ითამაშებენ ასეთ საპასუხისმგებლო მატჩს"
საინტერესო ფაქტები
საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან არასდროს არ მოუგია - 2 ფრე და 7 მარცხი
თუ საქართველოს ნაკრები მოიგებს, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავა
2004 წლის ევროპის ჩემპიონი საბერძნეთი ამ ტურნირზე 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა
საბერძნეთის ნაკრებმა ამჟამინდელ მწვრთნელ გუს პიეტთან ერთად 20 მატჩიდან 12 მოიგო
საქართველოს ნაკრების ფორვარდს ბუდუ ზივზივაძეს კლუბსა და ნაკრებში ბოლო ორ მატჩში ორი დუბლი აქვს
ფიფას ამჟამინდელ რეიტინგში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს 28 პოზიციით ჩამორჩება
საქართველო-საბერძნეთი
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, ფინალი
26 მარტი, 21:00
"დინამო არენა", თბილისი
მთავარი მსაჯი: სიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)
სავარაუდო შემადგენლობა:


![[პრევიუ] მატჩი, რომელსაც აფიშა არ სჭირდება - ისტორიული დღე საქართველოსთვის](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FMxjzfmyfdYPS1sREB4UgLdKLfpujZ62Z.webp&w=3840&q=75)







