საქართველოს მსგავსად, ალბანელებიც დიდ პროგრესს განიცდიან, ევროპის ჩემპიონატზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ერთა ლიგის ახალი გათამაშება უკრაინასთან მოგებით დაიწყეს.
საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში შინ საკმაოდ ძლიერი ჩეხეთი 4:1 გაანადგურა და ალბანეთშიც მხოლოდ 3 ქულისთვისაა ჩასული.
გუშინ, ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა. სასიამოვნოა, რომ სავარჯიშო პროცესში 24-ვე ფეხბურთელი სრულად იყო ჩართული და დანაკლისი არ არის.
პირველი ტურის შემდეგ, ჯგუფს სწორედ საქართველო და ალბანეთი ლიდერობენ და დღევანდელი მატჩი ბევრ რამეს გადაწყვეტს.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ალბანეთი ძალიან კარგი ნაკრებია და ეს უკრაინასთან მატჩშიც გამოჩნდა. ვიცი, რომ თამაში ხვალ სავსე სტადიონზე მოგვიწევს და რთული შეხვედრა გველის. შეიძლება იმ მატჩში უკრაინას უპირატესობა ჰქონდა, თუმცა შედეგი სახეზეა. 2 წლის წინ ამხანაგური მატჩი ალბანეთთან წავაგეთ. იმის შემდეგ გავიზარდეთ, განვვითარდით და ვნახოთ, რა მოხდება. ჩეხეთთან 4:1 მოვიგეთ, მაგრამ ადვილი მატჩი არ ყოფილა. ფეხბურთელებმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარეს, თუმცა ამას საკმაოდ დიდი ენერგია დასჭირდა. იქნება თუ არა ცვლილებები? - ერთს ვიტყვი, რომ ყოველი მატჩი განსხვავებულია. ყოველი მატჩისთვის სხვადასხვანაირად ვემზადებით და ერთად ვნახავთ, ვინ მოირგებს საქართველოს ნაკრების მაისურს."

გიორგი მამარდაშვილი: (საქართველოს ნაკრების მეკარე): "ნაკრებისთვის სტუმრად თამაში ადვილი არასდროს არ არის. ვიცით, რომ ალბანეთი კარგ ფორმაშია, თუმცა ამ თამაშს ჩვენც კარგ ფორმაში ვხვდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მატჩი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდეს. ჩემი პირველი "მშრალი მატჩი" ნაკრებში სწორედ ამ სტადიონზე შედგა. იმის შემდეგ განვვითარდი, ბევრი რამ შეიცვალა და ვეცდები, ხვალაც იგივე გავაკეთო. ეს პირადად ჩემი აზრი არ არის. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ამ ფორმაციის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეუძლია. წინა მატჩში ჩვენი ფეხბურთელების თამაშს რომ ვუყურებდი, დიდ სიამოვნებას ვიღებდი."
სილვინიო (ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი): "საქართველოს ნაკრებს ბევრი პლუსი აქვს და ეს ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა. ჩვენც და ისინიც განვითარების გზას ვადგავართ და საინტერესო მატჩი გველოდება. მათ ჰყავთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ბრწყინვალე ფეხბურთელია, თუმცა საქართველოს ნაკრებში მხოლოდ კვარა არ არის, მათ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ".

ურთიერთშეხვედრები
1994 წელი-ალბანეთი-საქართველო 0:1
1995 წელი-საქართველო-ალბანეთი 2:0
1998 წელი-საქართველო-ალბანეთი 1:0
1999 წელი-ალბანეთი-საქართველო 2:1
2003 წელი-საქართველო-ალბანეთი 3:0
2003 წელი-ალბაბეთი-საქართველო 3:1
2004 წელი-საქართველო-ალბანეთი 2:0
2005 წელი-ალბანეთი-საქართველო 3:2
2009 წელი-ალბანეთი-საქართველო 1:1
2012 წელი-საქართველო-ალბანეთი 2:1
2013 წელი-ალბანეთი-საქართველო 1:2
2015 წელი-საქართველო-ალბანეთი 2:2
2022 წელი-ალბანეთი-საქართველო 0:0
ალბანეთი-საქართველო
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, მეორე ტური;
ეარ სტედიუმი, ტირანა;
10 სექტემბერი, 22:45;
მთავარი მსაჯი: ერიკ ლამრეტსი(ბელგია);
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ლაშა დვალი, გურამ კაშია, გიორგი გველესიანი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ჟორჟ მიქაუტაძე.

![[პრევიუ] სრულად მზად კიდევ ერთი მატჩის მოსაგებად - საქართველო ალბანეთის წინააღმდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FjyimBH9EWFfgiRAHx1KNJMbo64V89Zhl.webp&w=3840&q=75)









