ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, La Gazzetta dello Sport-ი ესაუბრა გორან პანდევს, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მილანის ინტერის შემადგენლობაში 2010 წელს მოიგო. ჩრდილოეთ მაკედონიელმა ყოფილმა ფორვარდმა ისაუბრა არაერთ საინტერესო საკითზე, მათ შორის "ნერაძურის" მოახლოებულ დუელზე პარის სენ-ჟერმენთან.
- ინტერს წინ ელის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. თქვენი აზრით, როგორ განწყობაზე არიან გუნდის ფეხბურთელები?
- ჩემი აზრით, ინტერის ფეხბურთელებმა უძილო ღამეები გამოიარეს. იმიტომ კი არა, რომ ისინი არიან დაძაბულად, უბრალოდ ასეთ მომენტში დრო საშინლად იწელება. თითოეული მათგანი მოედანზე გამოსვლის მოლოდინშია, რაც შეიძლება მალე. ბაიერნთან დუელის წინ, ჩვენც იგივე მდგომარეობაში ვიყავით.
- შეუძლია, თუ არა ამ ფორმაციის ინტერს ჩემპიონთა ლიგის მოგება?
- დარწმუნებული ვარ, რომ ინტერი პარის სენ-ჟერმენს დაამარცხებს. რატომ? ამ გუნდის მხარეს არის გამოცდილება ხარისხი, ფიზიკური სიძლიერე, რკინის უკანახაზი და დიდებული სპეციალისტი. მილანელებმა ამ ყველაფრის დამსახურებით მოუგეს ბარსელონას, ხდება იმის მსგავსი რამ, რაც 15 წლის წინ იყო.
ლაუტარო თავისი გამოხედვითა და შემართებით ძანეტის მაგონებს. ის იყო ჩვენი კაპიტანი, თანამედროვე "ნერაძურის" კი ჰყავს თავისი ლიდერი, მაგრამ მსგავსება ხავიერსა და მარტინესს შორის მართლაც არის. მჯერა, რომ ინძაგის გუნდს ახალი ისტორიის დაწერა რეალურად შეუძლია.
- რას იტყვით ინტერის მეტოქეზე, პარის სენ-ჟერმენზე?
"პარის სენ-ჟერმენიც უმაღლესი დონის გუნდია, რომელიც ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. მათ ჰყავთ შემსრულებლები, რომლებიც 1-1-ზე თამაშის დროს ძალიან ეფექტურები არიან. პსჟ-ს მხრიდან გამოვარჩევდი ჰაკიმის, ასევე დემბელეს, რომელსაც უბრალოდ საოცარი სეზონი აქვს.
დიახ, მოწინააღმდეგე მართლაც მრისხანეა, თუმცა ინტერს არავისი ეშინია. ამ გუნდის დაცვამ შეაჩერა კეინი და ჰოლანდი, გაუძლო იამალს, იგივე შემართებით ისინი პარიზელთა შემტევების წინააღმდეგაც იქნებიან. მილანელთა წარმატებაში უდიდეს როლს სწორედ უკანახაზი თამაშობს."
- ინძაგის სახელს აქტიურად ალ-ჰილალს უკავშირებენ. თქვენი აზრით, რით დასრულდება ეს ყველაფერი?
- ინძაგიმ ინტერში ისეთი სამუშაო შეასრულა, რომ უცნაური იქნებოდა სხვა გუნდების ინტერესის არ არსებობა. ყველაფერი მესმის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სიმონე მილანურ კლუბში დარჩება, რადგან როგორც მორატიმ აღნიშნა, რომ წინ მას არაერთი ახალი გამოწვევა ელის.









