იგეგმება, მინიმუმ, 3 დიდი ტრანსფერი - პარიზული გუნდი პირველ რიგში ახალ შემტევს დაიმატებს, რომელიც პოზიციით მარცხენა გარემარბი ან ფორვარდი იქნება. მთავარი სამიზნეები ოსიმენი, ლეაო და ლაუტარო მარტინესი არიან. სამივე მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება, შესაბამისად, დრო გვიჩვენებს, კამპოსი და ლუის ენრიკე რომელ მათგანს აარჩევენ.

გუნდი ზაფხულში ასევე ნახევარმცველსაც დაიმატებს. გამოიკვეთა ორი მთავარი კანდიდატი: ბრუნო გიმარაეში, ნიუკასლიდან და ბერნარდო სილვა, მანჩესტერ სიტიდან. აქაც ორი განსხვავებული სტილით მოთამაშე ფეხბურთელზე გვაქვს საუბარი. ბრუნო გიმარაეშის გამოსასყიდი თანხა 117 მილიონი ევროა.

ენრიკე დაცვის გაძლიერებასაც გეგმავს, გუნდი, სულ მცირე, 1 ცენტრალურ მცველს დაიმატებს. დე ლიხტი, რომელიც ბაიერნის დატოვებას სერიოზულად განიხილავს, კამპოსის სატრანსფერო სიაშია. პარიზული გუნდი, ასევე ადგილობრივი ბაზრითაც ინტერესდება, გუნდი ლილის 18 წლის მცველს, ლენი იოროს ყურადღებით აკვირდება. იოროს მიმართ ასევე რეალ მადრიდის ინტერესიც დადასტურდა.

და ბოლოს, პსჟ ნიჭიერი ახალგაზრდების შენარჩუნებას გეგმავს. ზაირე-ემერისთვის ახალი კონტრაქტი მზადაა, ისევე როგორც კილიანის უმცროსი ძმისთვის, ითანი პსჟ-ს დატოვებას არ აპირებს. გუნდში დაბრუნდება ჩავი სიმონსიც, რომელსაც ლაიფციგში ძალიან კარგი სეზონი აქვს. პსჟ-ში ახალი ერა იწყება, გუნდი მბაპეს გარეშე ცხროვებას იწყებს.









