პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთმა ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ სიეტლ საუნდერსთან მატჩის წინ, მედიასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
- ბოტაფოგოსთან წაგებული მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკემ რა გითხრათ?
- მწვრთნელმა გვითხრა, რომ ჩვენ ვთამაშობთ ტურნირზე, სადაც მარტივი მატჩები არ იქნება და თუ 100%-ით არ მოვემზადებით თითოეული შეხვედრისთვის, წარმატების მიღწევა გაგვიჭირდება. ვფიქრობ, მომდევნო მატჩში უკეთეს პერფორმანსს ვაჩვენებთ. კარგად ვივარჯიშეთ, სათამაშოდ თითქმის ყველა მზადაა, შესაბამისად, მომდევნო დაპირისპირებისთვის მზად ვართ.
- რა უნდა გამოასწოროთ მომდევნო მატჩისთვის რათა 3 ქულა თქვენ დაგრჩეთ?
- მეტი კონცენტრაციაა საჭირო და იმის კეთება, რაც კარგად გამოგვდის. პარიზში ნაადრებად დაბრუნებაზე არავინ ფიქრობს.
- სიეტლის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?
- მათი მონაწილეობით რამდენიმე მატჩი ვნახეთ. კარგად თამაშობენ და იოლი დაპირისპირება არ იქნება, თუმცა, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ რა დონის თამაშს ვაჩვენებთ მოედანზე. პარი სენ-ჟერმენი ყველა მატჩზე მოსაგებად გადის და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, სწორედ ამიტომ ბევრად მეტი მოგვეთხოვება.
- რა გითხრათ მწვრთნელმა ბოლო ორი დღის განმავლობაში?
- გვითხრა, რომ კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ და რთული მატჩებისთვის მოვემზადოთ. გასულ შეხვედრაში დაშვებულ შეცდომებზე მიგვანიშნა. ბოტაფოგოსთან ბევრი დაკარგვა გვქონდა, რის გამოც სახიფათო კონტრშეტევები მივიღეთ. ბრაზილიელები ამ კომპონენტში ძალიან კარგები არიან.
- პარიზში გადასვლის შემდეგ, საკმაოდ ბევრს თამაშობთ. თავს როგორ გრძნობთ?
- ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ახლაც ვცდილობ, ამ ამბების გააზრებას. თუმცა, ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფერზე საუბარი მიწევს. პარი სენ-ჟერმენში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ეს დიდებული კლუბია, სადაც თავს არაჩვეულებრივი ფეხბურთელები იყრიან. ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ს წარმატებაში ჩემი წვლილი შემაქვს. ვცდილობ, ყველა მატჩში მაქსიმუმი გავიღო.









