მას შემდეგ, რაც ჩემპიონატის მეორე ნახევარი დაიწყო, ბათუმელებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგეს, სტუმრად გორის დილასთან და თითქოს, იმედები დაუბრუნდათ, თუმცა შემდეგ ტურში კვლავ მარცხი განიცადეს.
რატომ რეგრესირებს დინამო ბათუმი? - ქალაქი, სადაც ფეხბურთი ყველაზე მეტად უყვართ და ამაში მრავალჯერ დაგვარწმუნეს. კარგად გვახსოვს, რა ატმოსფერო იყო და რა ხდებოდა ხოლმე ანგისას ბაზის სტადიონზე აბსოლუტურად ყველა მატჩში. აშენდა ახალი სტადიონი, გულშემატკივარი იქაც დადიოდა და ნამდვილ საფეხბურთო ზეიმს ვხედავდით. ბათუმში ჩასვლა და გამარჯვება ნებისმიერი გუნდისთვის აუღებელი ციხესიმაგრე იყო.
დინამო ბათუმის პროექტი იყო იმედი იმის, რომ მალე საქართველოს ნაკრებთან ერთად გვეყოლებოდა კლუბი, რომელიც ევროტურნირებზე გავიდოდა და ქართველი ხალხის ოცნებას აასრულებდა. ბათუმელები ამასთან ძალიან ახლოს 2 წლის წინ იყვნენ, მაგრამ სლოვანთან დასანანი მარცხი იწვნიეს.

ბათუმის რეგრესი მხოლოდ წელს არ დაწყებულა. მას შემდეგ, რაც გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი წავიდნენ, მათ შესაბამის დონეზე გადაწყობა და ძველი თამასის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდათ.
მთავარ მწვრთნელად მოვიდა უკრაინელი სპეციალისტი ანდრი დემჩენკო, რომელმაც გულშემატკივარს იმედები გაუცრუა და დღეს ყველა მის წასვლას ითხოვს. დემჩენკოს სკამი შერყეულია, თუმცა ის გუნდიდან იმიტომ არ მიდის, რომ კომპენსაციის სახით 100 ათას დოლარზე მეტს ითხოვს. გულშემატკივრები ყველა მატჩში დემჩენკოს წასვლაზე სკანდირებენ.
გარდა ყველაფრისა, წელს ბათუმს უცნაური სელექცია აქვს. მაგალითად, ახალგაზრდა მეკარე ლუკა ხარატიშვილი, რომელიც საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მეკარეა და სტაბილურად კარგად თამაშობს, დინამო ბათუმში მესამე მეკარედაა, განაცხადში ვერ ხვდება და ჩამოყვანილია პორტუგალიელი კიპერი, რომელიც მეორე მეკარეა და სათამაშო დრო არ აქვს. ძირითადი მეკარე გამოცდილი როინ კვასხვაძეა. ლეგიონერი მეკარის ჩამოყვანას, რომლის საჭიროებაც ნაკლებად იყო, წინა ხაზში გაძლიერება უკეთესი იქნებოდა. ხარატიშვილსაც, ასე თუ ისე, მეტი დრო მიეცემოდა, რადგან 21-წლამდელებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის და მისთვის სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია.

ჩვენი ინფორმაციით, გუნდში სახელფასო პრობლემებია და ფეხბურთელები ანაზღაურებას არასტაბილურად იღებენ. მოთამაშეები დღემდე ხელფასის მოლოდინში არიან.
მწვრთნელის არგაშვება, ხელფასის პრობლემები, უშედეგო ტრანსფერები და ა.შ. - ამ ყველა ზემოთჩამოთვლილ პრობლემას მივყავართ იმ შედეგამდე, რაც წელს დინამო ბათუმს აქვს.
ფაქტი ერთია - დინამო ბათუმი რეგრესირებს, არასწორი გზით მიდის და დროზე ადრე უნდა შეიცვალოს რაღაც, რაც ამ რეგრესს შეაჩერებს. იმედია, ბათუმში კიდევ ბევრჯერ ვიხლავთ საფეხბურთო ბუმს, რაც ყველას მოენატრა.









