საფეხბურთო სამყაროში მიიჩნევა, რომ გულშემატკივარი სტადიონზე პრაქტიკულად მეთორმეტე მოთამაშის ფუნქციას ასრულებს. ბევრ გუნდში დამკვიდრებულია წესი, რომლის თანახმადაც 12-ნომრიან მაისურს ფეხბურთელებიდან არავინ იცვამს, რადგან ეს ნომერი სიმბოლურად სწორედ ქომაგებს ეკუთვნით.
ეს ტენდენცია განსაკუთრებით გავრცელებულია გერმანიაში, სადაც მიუნხენის ბაიერნში ან თუნდაც დორტმუნდის ბორუსიაში აღნიშნული ნომრით მოთამაშე ფეხბურთელს ვერ შენიშნავთ. დავუბრუნდეთ ქართულ რეალობას, სადაც ფეხბურთი სტადიონზე მოსული ქომაგების გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.

გავიხსენოთ თბილისის დინამოს ოქროს ეპოქა, როდესაც ლეგენდარული გუნდის თამაშის სილამაზე ერთი სანახაობა იყო და ის, თუ რა ხდებოდა სტადიონზე - მეორე სანახაობა. ქართულ კლუბს თავის საშინაო არენაზე დამარცხებული ჰყავს ლივერპული და როტერდამის ფეიენოორდი, ეს ყველაფერი 90 000-იანი ქომაგობის თანხლებით.
თანამედროვე ისტორიაში ქართული ფეხბურთის მდგომარეობა არც ისეთი სახარბიელოა, გულშემატკივარს არაერთი სამწუხარო მომენტი ახსოვს, თუმცა როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ვითარება, ერთი რამ უცვლელი რჩებოდა, ქომაგი თავის გუნდს გვერდში ბოლომდე ედგა. მზიან ამინდში, ქარში თუ წვიმაში, სადაც წავა საქართველოს ნაკრები, იქ იქნება ქომაგიც.
ყველას გვახსოვს ხორვატიის ნაკრების დამარცხებით გამოწვეული ბედნიერება, როდესაც გულშემატკივრებით გადაჭედილი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი სიხარულისგან ზანზარებდა ისე, როგორც რომის კოლოსეუმი გლადიატორთა ბრძოლის დროს. ჩვენი ქვეყანა წარმოუდგენელია ფეხბურთის გარეშე, ისევე როგორც დინამო არენა ქომაგის გარეშე.

ქართველი გულშემატკივრისთვის მატჩის დღე არ არის მხოლოდ სტადიონზე მისვლა და 90 წუთის შემდეგ სახლში წასვლა, ეს არის სპორტული დღესასწაული, სადაც საფეხბურთო ატმოსფერო იქმნება თამაშის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. მსვლელობა, შეძახილები, სიმღერა, საფეხბურთო ატრიბუტიკა და ემოციურობა, რომელიც პიკს აღწევს.
ცხადია, ეს ყველაფერი საბერძნეთთან შეხვედრამდეც იქნება. გადამწყვეტ თამაშამდე ქართული სპორტის ქომაგები მსვლელობას გეგმავენ. გულშემატკივრები შეიკრიბებიან 18:00 საათზე, აღმაშენებლის 127 ნომერთან, შემდეგ კი დინამო არენისკენ დაიძვრებიან. ხვალ, მთელი საქართველო თეთრ-წითელი ფერებით იქნება დამშვენებული.

მატჩამდე დაელოდეთ ქართული სპორტის ქომაგებზე საინტერესო ვიდეოს ჩვენს Youtube არხზე.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ყველა ბილეთი გაყიდულია, საბერძნეთის მხრიდან ჩამოსულია 2500 ქომაგი, დანარჩენი, 51 ათასზე მეტი ადგილი კი ჩვენებს ეკუთვნით. გვახსოვს ერთა ლიგის წინა ფინალი, რომელიც ერთგვარი შავი ლაქაა: ცარიელი ტრიბუნები და წაგება ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა!
საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ფინალში ეყოლება არა ერთი, არამედ 51 ათასი მოთამაშით მეტი. მოედანზე იბრძოლებს მთელი საქართველო, რადგან სასწორზე ისტორიული, ევრო 2024-ის საგზურია. წინ დიდი გამარჯვებისკენ!












