ტომ ასპინალი მძიმე წონითი დივიზიონის დროებით ქამარს კურტის ბლეიდსთან დაიცავს, ლეონ ედვარდსი კი ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ტიტულს - ბელალ მუჰამადთან. 28 ივლისისთვის დაგეგმილი ღონისძიება მანჩესტერში გაიმართება და როგორც ვხედავთ, ყურადღების ცენტრში სწორედ ბრიტანელი მებრძოლები იქნებიან.

ჭიკაძე-ალენი - კელვინ კატართან მარცხისა და ბრძოლაში მიღებული არაერთი ტრავმის შემდეგ, ჭიკაძის რეაბილიტაციის პროცესი წელიწადნახევარზე დიდხანს გაგრძელდა. ქართველი მებრძოლი გასული წლის აგვისტოში დაბრუნდა და ალექს კასერესთან მოგებით, შერეული ორთაბრძოლების სამყაროს მან თავი კიდევ ერთხელ შეახსენა.
ალექს ვოლკანოვსკის დომინირების პერიოდში გიგა ტრიალებდა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ მებრძოლების წრეში და საჩემპიონო ქამრის ერთ-ერთ პრეტენდენტად განიხილებოდა. ამერიკელ მებრძოლთან წაგებამ "ნინძა" მნიშვნელოვნად დახია უკან და ახლა ის ძველი პოზიციების დაბრუნებას ცდილობს.
35 წლის მებრძოლი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში ამჟამად მეცხრე ადგილზეა. რაც შეეხება ალენს, ძველი პოზიციების დაბრუნების საკითხი მის გარშემოც აქტუალურია, რადგან ბოლო 2 ბრძოლაში წააგო. თავდაპირველად, ინგლისელი მებრძოლი დამარცხდა მაქვს ჰოლუეისთან, მოგვიანებით კი მოვსარ ევლოევთანაც.

ასპინალი-ბლეიდსი - ორი წლის წინ, ისინი ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით ბლეიდსმა მოიპოვა. ასპინალისთვის სასწორზე ორი რამ დევს: დროებითი საჩემპიონო ქამრის დაცვა და რევანშიც აღების სურვილი, თანაც ეს ყველაფერი მშობლიურ მიწაზე. შეიძლება ითქვას, რომ ინგლისელი მებრძოლი ორმაგი ზეწოლის ქვეშ იქნება.
ცალკე გამოსარჩევი საკითხია ჯონ ჯონსის ფაქტორი - მძიმე წონაში ასვლისა და სირილ განის დამარცხების შემდეგ, ოქტაგონზე ის არ გამოჩენილა. არსებობს მოსაზრება, რომ "ბოუნსს" უმზადებენ სტიპე მიოჩიჩთან დაპირისპირებას, რომლის შემდეგაც ის კარიერას დაასრულებს. რატომ UFC-ის ვეტერანი და არა თუნდაც ტომი? - ეს მხოლოდ დეინა უაიტმა იცის.

ფაქტია, 36 წლის მებრძოლის გარშემო ახალი თაობის წარმომადგენლების სახელებს ვერ ვხედავთ. UFC-ის ორგანიზატორებს სურთ მისი ისტორიის ლამაზად დასრულება, ისე რომ ერთპიროვნული GOAT-ის სტატუსის მიღების შემდეგ, დასამტკიცებელი აღარაფერი იყოს. ობიექტურად, ჯონსმა ლამაზი და მშვიდი ფინალი ნამდვილად დაიმსახურა.
დიახ, ამერიკელი მებრძოლის გარშემო მუდმივად იტრიალებს არაერთი კითხვა, თუმცა პასუხი ყოველთვის იქნება ის, თუ რა ისტორია დაწერა მან ქვემძიმე დივიზიონში გასული დეკადის დასაწყისში. ჯონის სიდიადე სწორედ იქ არის, მძიმე წონაში მოპოვებული ჩემპიონის ტიტული კი უბრალოდ ერთგვარი ბონუსია მისი ისედაც დიდებული კარიერისთვის.

ედვარდსი-მუჰამადი - სამი წლის წინ დაწყებული ისტორიის გაგრძელება ან გნებავთ თავიდან დაწყება, რადგან 2021 წლის მარტში ჩატარებულ ბრძოლაში მოგებული არ გამოავლინეს. მუჰამადს თვალში მოხვდა ედვარდსის თითი, რის გამოც ბრძოლის გაგრძელება ვერღარ შეძლო. იმის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა.
ინგლისელმა მებრძოლმა დაასრულა კამარუ უსმანის ჰეგემონია და მოგვიანებით, მან ტიტულის დაცვაც მოასწრო. ამერიკელმა კი მოიგო ხუთი ბრძოლა და ყველას დაუმტკიცა, რომ საჩემპიონო გამოწვევისთვის მზად არის. 28 ივლისს ვიხილავთ იმას, თუ რა მოხდებოდა ლეონისა და ბელალის ბრძოლაში, რომ არა ის ინციდენტი.












