ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი მადრიდის რეალის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავურ მარჯვენა მცველს ლივერპულთან კონტრაქტი ეწურებოდა ამ ზაფხულს, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ "სამეფო კლუბში" ის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდოდა.
ინგლისელი მარჯვენა მცველის სანტიაგო ბერნაბეუზე განხორციელებულ ტრანსფერში გვხვდება ერთი საინტერესო დეტალი - ის უფასოდ არ გადასულა. საქმე ისაა, რომ ჩაბი ალონსოს გუნდის განაპირა მცველს მერსისაიდელებთან კონტრაქტი ეწურებოდა 1 ივლისიდან, ესპანური კლუბის გეგმაში კი მისი უფრო ადრე დამატება იყო.
ამის მიზეზი არის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, რომლისთვისაც მზადებას რეალი დაიწყებს უახლოეს მომავალში, 26 წლის განაპირა მცველთან ერთად. ტრანსფერის დაჩქარების გამო, მადრიდელებს "წითლების" ყოფილი 66-ე ნომრის სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწიათ.
რაც შეეხება ალექსანდერ-არნოლდის "სამეფო კლუბში" ტრანსფერის სხვა დეტალებს - მისი კონტრაქტი გათვლილია 2031 წლამდე, გამოსასყიდი თანხა კი 1 მილიარდ ევროს უდრის. ინგლისელი განაპირა მცველის დებიუტი ბერნაბეუს ბინადრებში შედგება საკლუბო მუნდიალზე, რომელიც 14 ივნისს დაიწყება.









