"შავ-ლურჯები", როგორც გუნდი 1908 წელს დააარსდა, მეათე სკუდეტო კი 1966 წელს მოიპოვა, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ვარსკვლავის გაფორმებას 58 წელი დასჭირდა. 2024 წელი: მე-20 სკუდეტო, მე-2 ვარსკვლავი, კიდევ ერთი 58-წლიანი შუალედი. იტალიაში უკვე ხუმრობენ, რომ მე-3 ვარსკვლავს მეაცას ბინადრები 2082-ში მოიპოვებენ.

ცხადია, ამხელა შუალედები ინტერნაციონალეს გზაზე არსებულმა კრიზისმა და ჩავარდნებმა გამოიწვია. ინტერისგან განსხვავებით, ტურინის იუვენტუსს მე-2 ვარსკვლავის მისაღებად დასჭირდა სულ რაღაც 24 წელი (1958-1982), მე-3 ვარსკვლავისთვის კი 30 წელი (1982-2012), მაგრამ ამ ორ კლუბი მიერ განვლილ გზას შორის მსგავსებებს ვერ შენიშნავთ.
"ბებერი ქალბატონისგან" განსხვავებით, მილანური გუნდი კალჩოპოლის მსგავსს სკანდალებში არასდროს გახვეულა. რაც შეეხება კრიზისს, 1971-1989 წლების შუალედში "ნერაძურიმ" 9-წლიანი ინტერვალებით სულ რაღაც 3 სკუდეტო მოიპოვა. 70-იანები იყო "ბიანკონერის" აღზევების ეპოქა, 80-იანებში კი დიეგო მარადონასთან ერთად, ნაპოლიმაც გამოანათა.

"შავ-ლურჯების" ყველაზე დიდი ჩავარდნა დაიწყო სწორედ 1989 წლის სკუდეტოს შემდეგ, რომლის მოგების დღიდან - კალჩოპოლამდე, ეს გუნდი 17 წლის მანძილზე მთავარი ტიტულის გარეშე რჩებოდა. მეაცას ბინადრებმა გამოიარეს მეზობელი მილანის ოქროს ეპოქა, რომაული კლუბების აღზევება და "შავ-თეთრების" კიდევ ერთი დომინაცია.
მასიმო მორატის არასდროს ენანებოდა ფული გაძლიერებაზე და მისი კლუბი თითქმის ორი დეკადის განმავლობაში რჩებოდა სერია ა-ს წარმომადგენლებს შორის მთავარ მფლანგველად, მაგრად მხოლოდ ფინანსური მხარე გადამწყვეტი არ იყო. ინტერის კრიზისის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დამრიგებლების ხშირი ცვლა რჩებოდა.

თავად განსაჯეთ - 1989-2006 წლების ჩემპიონობებს შორის, მილანურმა გუნდმა მთავარი მწვრთნელი 17-ჯერ შეიცვალა. საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლით, "ნერაძურიში" ახალი დამრიგებელი ყოველი ახალი სეზონის დაწყების წინ მოდიოდა. იყო პერიოდი, როდესაც ეს კლუბი თავკაცს ერთ სეზონში 3-ჯერაც კი იცვლიდა.
სიტუაცია დასტაბილურდა 2000-იანი წლების შუა პერიოდში, რობერტო მანჩინის მოსვლით, რომელიც "შავ-ლურჯებში" ოთხი წლით გაჩერდა. მშრალი სერიის შეწყვეტა და ზედიზედ რამდენიმე სკუდეტოს მოგება, სწორედ იტალიელი სპეციალისტის სახელს უკავშირდება. მისი საქმე მოგვიანებით ჟოზე მოურინიომ გააგრძელა.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჯუზეპე მეაცაზე მოიპოვა არა მხოლოდ ორი სკუდეტო, არამედ სერია ა-ს გუნდებისთვის აქამდე არნახული ტრიპლეტი. ტრიუმფის შემდეგ, ინტერის დამრიგებელი მადრიდის რეალში წავიდა, მის ექს-კლუბში კი კრიზისმა კიდევ ერთხელ დაისადგურა. ნაცნობი სცენარი: უტიტულობა და თავკაცების ხშირი ცვლა.
მილანური გუნდი სკუდეტოს გარეშე რჩებოდა 11 წლის განმავლობაში (2010-2021) და ამ შუალედში 13 მთავარი მწვრთნელის გადანაცვლება მოხდა. "ნერაძურიმ" გასულ დეკადაში ფულის მფლანგველი მოყვარული კლუბის სტატუსიც დაკარგა. წარსულში დარჩა ის დრო, როდესაც ეს გუნდი სატრანსფერო ბაზარზე რეკორდებს ხსნიდა.

"შავ-ლურჯების" მშრალი სერია ამჯერად ანტონიო კონტემ შეწყვიტა, რომელმაც 2021 წელს ამ გუნდს რიგით მე-19 სკუდეტო მოაგებინა. მან გუნდში დანერგა თავისი წესები, მაგრამ იტალიელი ტაქტიკოსი საჩემპიონო წელსვე წავიდა და მის ნაცვლად სიმონე ინძაგი დაინიშნა. ბევრი ქომაგი ამ გადანაცვლებას სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ იტალიელმა სპეციალისტმა ყველა კრიტიკოსი დაადუმა.
ჯუზეპე მეაცაზე მომუშავე მწვრთნელმა სამი წლის შუალედში უკვე ექვსი სხვადასხვა ტიტული მოიპოვა. მასთან ერთად, ეს გუნდი პირველად 2010 წლის შემდეგ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალშიც გავიდა. ინტერის მე-20 სკუდეტო და მე-2 ვარსკვლავიც სწორედ 48 წლის ტაქტიკოსის სახელს უკავშირდება.
მოურინიოსგან, მანჩინისგან და კონტესგან განსხვავებით, ინძაგიმ მილანურ გუნდში წარმატებას მინიმალური ფინანსური ხარჯებით მიაღწია. "ნერაძურიში" უკვე შემუშავებულია იტალიელი ტაქტიკოსის დიდი ხნით შენარჩუნების გეგმა. ვნახოთ, როგორ გააგრძელებს კლუბი განვითარებას ისტორიული ტიტულის შემდეგ.












