ტურინის იუვენტუსის ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ თავის მომავალზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ ფრანგი ფლეიმეიქერი უკლუბოდ არის. ამის მიუხედავად, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი და დიდ ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს.
"მაქვს ბევრი შემოთავაზება, როგორც ევროპიდან, ისე მთელი მსოფლიოდანაც. გადაწყვეტილების მიღების წინ, კარგად უნდა დავფიქრდე, რადგან ეს ჩემი კარიერის გარდამტეხი მომენტი იქნება. საფრანგეთის ეროვნული გუნდი? პირველ რიგში, საფეხბურთო მოედანზე უნდა დავბრუნდე.
არ არის აუცილებელი თამაშობდე ევროპაში, იმისთვის, რომ ნაკრებში დაბრუნდე. კანტე საუდის არაბეთში იყო, ჟინიაკი კი - მექსიკაში, როდესაც მათ "მამლებში" დაუძახეს. ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ ჩვეულ დონეზე დავბრუნდები, სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია."
ფრანგი ნახევარმცველის უკანასკნელი გუნდი იყო "ბებერი ქალბატონი", რომლის შემადგენლობაში მან 2022-2024 წლებში სულ რაღაც 12 მატჩი ჩაატარა. "სამფეროვნების" ყოფილი ფლეიმეიქერის დისკვალიფიკაციის შემდეგ, "ბიანკონერიმ" მას კონტრაქტი გაუწყვიტა.









