ოფიციალურად — კლაუდიო რანიერი იტალიის ეროვნულ ნაკრებს არ ჩაიბარებს! გამოცდილმა სპეციალისტმა "სკუადრა აძურას" შემოთავაზებაზე უარი განაცხადა და რომაში დარჩენა გადაწყვიტა. კლაუდიო რანიერი "ჯალოროსიში" მუშაობას მრჩეველის პოზიციაზე გააგრძელებს.
მას შემდეგ, რაც ფედერაციამ ლუჩანო სპალეტი ნაკრებიდან გაათავისუფლა, კლაუდიო რანიერისთან მოლაპარაკებები დაჩქარებული წესით დაიწყო, თუმცა ამის მიუხედავად, გარიგება მაინც არ შედგა.
"ჩემთვის დიდი პატივია ნაკრებისგან შეთავაზების მიღება, მაგრამ ამის მიუხედავად რომაში დარჩენა გადავწყვიტე."
რა ვარიანტი რჩება იტალიის ფეხბურთის ფედერაციას?
გეგმა B სტეფანო პიოლია — მხარეებს შორის ახალი კონტაქტი უახლოეს საათებში შედგება. შეგახსენებთ, 59 წლის სპეციალისტი ამ დრომდე ალ ნასრის მთავარი მწვრთნელია, თუმცა საუდიდან წამოსვლის ალბათობა საკმაოდ დიდია. მხარეები თანამშრომლობის შეწყვეტაზე უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მუშაობენ.
იტალიაში სხვა კანდიდატურებსაც განიხილავენ, კერძოდ რაფაელე პალადინოს, დანიელე დე როსისა და ჯენარო გატუზოს, თუმცა პრიორიტეტული მაინც სტეფანო პიოლისთან შეთანხმებაა. უახლოეს საათებში "სკუადრა აძურას" თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.









