ბარსელონა მომავალ სეზონს ახალ მწვრთნელთან ერთად შეხვდება - კატალონიურმა კლუბმა ჩავი ერნანდესი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის ნაცვლად კი ჰანსი ფლიკი დანიშნა.
გერმანელი საკმაოდ ტიტულოვანი მწვრთნელია, ვინაიდან, მან ბაიერნში გატარებულ სადებიუტო სეზონში ტრებლი მოიგო. მაგრამ, 59 წლის სპეციალისტის მუშაობა გამორჩეული მხოლოდ ამით არ ყოფილა - როგორც ბაიერნის ყოფილი და რეალ მადრიდის ამჟამინდელი მცველი, დავიდ ალაბა ამბობს, მწვრთნელის ხასიათი და პიროვნება გასაოცარი იყო.
ივლისში ავსტრიელმა ფეხბურთელმა, გერმანულ გამოცემას, Kicker-ს ფლიკზე უთხრა:
"მისი კარი ყოველთვის ღიაა. ჰანსი გუნდს ძალიან პოზიტიურ სტილში უძღვება. მსგავსი რამ არასდროს მინახავს. ის ფეხბურთელებს დადებით ენერგიას გადასცემს, რაც მოედანზე ჩანს. ფლიკის მითითებებს ყველა მიჰყვება, მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი არაა.
ჰანსიმ მცირე მონაკვეთში გუნდში ყველაფერი რადიკალურად შეცვალა, მისი როლი მნიშვნელოვანი იყო. გერმანელი მიხვდა, რომ გარკვეული დეტალების ცვლილება აუცილებელი იყო. ფლიკს თავისი ფილოსოფია აქვს."
ალაბამ ასევე ხაზი იმასაც გაუსვა, რომ პოზიციის შეცვლამ და ფლანგის მცველობიდან ცენტრალურ მცველად ქცევამ მასზე კარგად იმოქმედა:
"განაპირა მცველად თამაშისას თავს კომფორტულად ვგრძნობდი, მაგრამ დაცვის ცენტრში მოქმედებაც ძალიან მომეწონა. ეს მოედანზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა, რადგან ამ პოზიციიდან გუნდისთვის განსხვავებული გზით, უკნიდან გაძღოლა შემეძლო".
ავსტრიელის სიტყვებმა, შესაძლოა, ბარსას ფანებში განწყობა კიდევ უფრო აამაღლოს და დაამტკიცოს, რომ გუნდში ნამდვილად კონკურენტუნარიანი მწვრთნელი მიდის, რომელსაც სიტუაციის შემოტრიალება შეუძლია.
მომდევნო სეზონიდან ალაბა და ფლიკი კვლავ გადაიკვეთებიან, თუმცა, ამჯერად, ერთმანეთის წინააღმდეგ, "ელ კლასიკოში".
რას ამბობდა დავიდ ალაბა ბარსელონას ახალი მწვრთნელის სათამაშო სტილზე?









