ლიგა 1-დან წავიდა ლიონელ მესი, შემდეგ, ნეიმარ ჟუნიორი, ახლა კი პარიზული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის ჯერიც დგება. ვარსკვლავური ტრიოსგან აღარაფერი რჩება, "ლურჯ-წითლები" კი საგონებელში არიან. პრიორიტეტულ ვარიანტად რჩება კლუბის იმიჯის განვითარება, მაგრამ თავიანთი 7-იანის გარეშე ეს ძალიან რთული იქნება.
25 წლის თავდამსხმელის მონაგარი პარკ დე პრენსზე ასეთია: ხუთი ჩემპიონობა ლიგა 1-ში, სამი საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ამის გარდა, უამრავი პირადი რეკორდი და ჯილდო. მბაპე პარის სენ-ჟერმენის წარმატების ცენტრალური ფიგურა იყო, მისი დაჩრდილვა არგენტინელმა და ბრაზილიელმა ვარსკვლავებმაც კი ვერ შეძლეს.

ფრანგმა თავდამსხმელმა პსჟ-ს წარმატება საფეხბურთო მოედნის გარეთაც მოუტანა. თავად განსაჯეთ, 2017 წელს, კლუბის ღირებულება შეადგენდა 841 მილიონს, დღეს კი პარიზის, როგორც ბრენდის ფასი 4.2 მილიარდია. ფულადი ბრუნვა გაზრდილია 175%-ით, მაისურების გაყიდვა 40%-ით, ბილეთების კი - 67%-ით.
მართალია ამ გუნდის პოპულარიზაციაში ასევე ძალიან დიდი როლი ითამაშეს ბარსელონადან გადმოსულმა ვარსკვლავებმაც, თუმცა ისინი საფეხბურთო სამყაროში ასოცირდებოდნენ, პირველ რიგში, მათ ყოფილ კლუბთან, კილიანი კი "ლურჯ-წითლების" სახე იყო, უშუალოდ კლუბზე პოპულარული სახეც კი.
ავიღოთ სოციალური ქსელები, თუნდაც ინსტაგრამი, სადაც პარკ დე პრენსის მთავარ ვარსკვლავს 112 მილიონი გამომწერი ჰყავს, მაშინ, როდესაც უშუალოდ კლუბს, 65 მილიონი. ერთი სიტყვით, პარის სენ-ჟერმენი კარგავს თავის ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს, მაგრამ ამით არაფერი სრულდება და ცხადია, კლუბი არსებობას გააგრძელებს.
საფეხბურთო ევროპაში დაბრუნდება ახალი პსჟ, რომელიც შემადგენლობის გაძლიერებისთვის ფულს არ დაიშურებს. პრესაში იწერება მოჰამედ სალაჰის, ლაუტარო მარტინესის, ვიქტორ ოსიმენისა და რაფა ლეაოს შესახებ. სია ნამდვილად შთამბეჭდავია, მაგრამ აღნიშნული ვარსკვლავები მაინც ვერ შეავსებენ პარიზელთა 7-იანის წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს.
25 წლის თავდამსხმელი არის არა მხოლოდ "ლურჯ-წითლების", არამედ ზოგადად ფრანგული ფეხბურთის სახე. მისი იმიჯი ქვეყანას წაადგებოდა მოახლოებულ ოლიმპიადაზეც, რომელიც სწორედ საფრანგეთში გაიმართება. მართალია, მბაპე კვლავ დარჩება თავისი ქვეყნის განკარგულებაში, მაგრამ მისი სამფლობელო ამჯერად უკვე მადრიდის რეალი იქნება და არა პარკ დე პრენსი.
Alessandro Grandesso © RCS MEDIAGROUP











