1954 წელს შეიქმნა უეფა, ზუსტად ექვსი წლის შემდეგ კი სამყარომ პირველი ევროპის ჩემპიონატიც იხილა. ტურნირის გამართვის ფორმატი, თავისი თანამედროვე ანალოგისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. თავდაპირველად იყო ორი შესარჩევი რაუნდი, რომელშიც ეროვნული გუნდები ორმატჩიან დაპირისპირებაში ერთმანეთის გამოგდებას ცდილობდნენ.
შედეგად, ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო ოთხი ნაკრები ხვდებოდა. 1960 წლის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა 17-მა ეროვნულმა გუნდმა მიიღო. უარი მოვიდა ისეთი გრანდებისგან, როგორებიც არიან იტალია, გერმანია, ინგლისი და ნიდერლანდები. საჭირო იყო 8 წყვილის შედგენა და შესაბამისად, მე-17 გუნდის მოშორება.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური საგზური გათამაშდა ჩეხოსლოვაკეთსა და ირლანდიას შორის, გამარჯვებულები პირველები გამოვიდნენ. შესარჩევი ეტაპის 16 ეროვნულ გუნდს შორის იყო საბჭოთა კავშირიც, რომელმაც ევრო 1960-ის შესარჩევი უნგრეთთან დუელით გახსნა. იმ დროს შემადგენლობაში ბრწყინავდნენ სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი, რომლებმაც "მადიარებს" ორი მატჩის ჯამში, 4:1 მოუგეს.
კარპატელებთან პირველ შეხვედრაში, ერთ-ერთი გოლი მეტრეველმა გაიტანა. ცნობისთვის, აღნიშნულ თამაშს 100 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. სსრკ თავაწეულად გავიდა მე-2 რაუნდში, სადაც მეტოქე უძლიერესი ესპანეთი უნდა ყოფილიყო. არსებობს მოსაზრება, რომ იმდროინდელი ფორმაციის ეროვნული გუნდი თავისი ისტორიაში საუკეთესო იყო.
კარპატელებთან პირველ შეხვედრაში, ერთ-ერთი გოლი მეტრეველმა გაიტანა. ცნობისთვის, აღნიშნულ თამაშს 100 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. სსრკ თავაწეულად გავიდა მე-2 რაუნდში, სადაც მეტოქე უძლიერესი ესპანეთი უნდა ყოფილიყო. არსებობს მოსაზრება, რომ იმდროინდელი ფორმაციის ეროვნული გუნდი თავისი ისტორიაში საუკეთესო იყო.
თავად განსაჯეთ - "ლა როხას" შემადგენლობა დაკომპლექტებული იყო მადრიდის რეალისა და ბარსელონას ფეხბურთელებით, რომლებიც ჩემპიონთა თასსა და ბაზრობათა თასს მეტოქეების შემჩნევის გარეშე იგებდნენ. პირენეელთა რიგებში ბრწყინავდნენ პაკო ხენტო, ლუის სუარესი და ორი ნატურალიზებული სუპერ ვარსკვლავი: ალფრედო დი სტეფანო და ლასლო კუბალა.

იმ დროს ერთი ნაკრებიდან მეორეში გადასვლა ძალიან მარტივი იყო. აღნიშნულ "ოცნების გუნდს" ლეგენდარული ელენიო ერერა წვრთნიდა. დიახ, სწორედ ის, ვინც მოგვიანებით მილანის ინტერში კატენაჩოს ააწყობს და ზედიზედ ორ ჩემპიონთა თასს მოიგებს. ცუდი არც "წითლებზე" ითქმოდა, მაგრამ ობიექტურად თუ შევაფასებთ, ფავორიტად "ფურია" მოიაზრებოდა.
"არმიელებთან" შეხვედრამდე, ერერას გუნდმა პოლონეთი გაანადგურა (4:2; 3:0). პირველი თამაში უნდა გამართულიყო მოსკოვში და ფავორიტის დასახვედრად ყველაფერი მზად იყო, მაგრამ მოგვიანებით, მატჩამდე 4 დღით ადრე, გენერალმა ფრანსისკო ფრანკომ თანამემამულეებს საბჭოთა კავშირში ჩასვლა აუკრძალა.
უხეშად რომ ვთქვათ, ესპანელ დიქტატორს ეშინოდა, რომ მისი ქვეყნის გუნდის წევრები კომუნისტური გავლენის ქვეშ მოექცეოდნენ. მას კატეგორიულად არ სურდა, რომ მის თანამემამულეებს რაიმე საერთო ჰქონოდათ სსრკ-სთან და ცნობისთვის, მისი გადარწმუნება ვერც უეფამ მოახერხა. შედეგად, ევროპული ფეხბურთის ასოციაციამ ესპანეთი შესარჩევს მოკვეთა და ამასთან ერთად, 200 შვეიცარული ფრანკითაც დააჯარიმა.

შეიძლება ითქვას, კონტინენტის უძლიერესი ნაკრები თავისი მმართველის პოლიტიკურ გამოხტომებს შეეწირა. ბევრის აზრით, "წითლები" ამ ფორმაციის "ლა როხას" ვერ გაცდებოდნენ და შესაბამისად, ევრო-1960 სხვა სცენარით წარიმართებოდა, კერძოდ, ამ გუნდის ტრიუმფით. ამ მოსაზრებას მეორე მხარეც აქვს:
გავიხსენოთ ზუსტად ორი წლის შემდეგ გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელზეც "არმიელებმა" თავის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, პირენეელებმა კი - ბოლო. მათი შემადგენლობა პრაქტიკულად უცვლელი იყო, მხოლოდ ნატურალიზებული კუბალას ადგილი დაიკავა სხვა ვარსკვლავურმა ლეგიონერმა, ფერენც პუშკაშმა.
დავუბრუნდეთ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს. ერთი სიტყვით, გავრილ კაჩალინის გუნდს თამაშის გარეშე ჩამოშორდა ურთულესი მოწინააღმდეგე, რაც ევრო 1960-ზე ავტომატურად მოხვედრას ნიშნავდა. სამწუხაროდ, სპექტაკლი სახელად "მესხი/მეტრეველი - დი სტეფანო/კუბალას წინააღმდეგ", არ შედგა.

რა მოხდა უშუალოდ ევროპის ჩემპიონატზე, კარგად ვიცით. საბჭოთა კავშირმა გაანადგურა ჩეხოსლოვაკეთი და გავიდა ფინალში, სადაც მას იუგოსლავია ელოდებოდა. ევრო 1960-ის დასკვნითი მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მილან გალიჩის ბურთს უპასუხა მეტრეველმა, დამატებითი დროის 113-ე წუთზე კი, ვიქტორ პონედელნიკმა სსრკ-ს აქტივში თამაშში დაბრუნება და ევროპის ჩემპიონობა ჩაწერა.
მეტრეველისა და მესხის გარდა, "წითლების" შემადგენლობაში ირიცხებოდნენ გივი ჩოხელი და ზაურ კალოევი. ლევ იაშინს, იგორ ნეტოსა და ვალენტინ ივანოვს ზედმეტი წარდგენა არ სჭირდებათ. ბოლოს იმასაც დავამატებთ, რომ ზემოაღნიშნულ ლეგენდებთან ერთად, ევრო 1960-ის სიმბოლურ გუნდში სლავაც მოხვდა.












