ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარის სენ-ჟერმენის მოწინააღმდეგე ლონდონის არსენალი იქნება. ევროპაში თამაშობს რამდენიმე გუნდი, რომლისთვისაც პსჟ-ს არასდროს მოუგია და ერთ-ერთი ასეთი "მეთოფეები" არიან. ამის გარდა, ინგლისური კლუბი უხერხულ მეტოქეებს შორის ერთადერთია, რომელთანაც პარიზმა 2-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.
დიახ, "ლურჯ-წითლებს" ასევე არასდროს დაუმარცხებიათ ატლეტიკო მადრიდი, ნიუკასლ იუნაიტედი და პსვ ეინდჰოვენი, თუმცა მათთან არც 2-ზე მეტი შეხვედრა ჩაუტარებიათ. რაც შეეხება "კანონირებთან" დაპირისპირებას, პარკ დე პრენსის ბინადრებს მათთან მოგების 5 მცდელობა ჰქონდათ.
სამი ფრე და ორი მარცხი - ასეთია ლუის ენრიკეს გუნდის სტატისტიკა ემირეიტსის ბინადრებთან. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები ნავსის გატეხვას. აქვე დავამატებთ, რომ ფინალში გასვლის შემთხვევაში, პარის სენ-ჟერმენის მეტოქე ბარსელონასა და მილანის ინტერს შორის ერთ-ერთი იქნება.
პსჟ-სა და არსენალის ურთიერთშეხვედრები
| სეზონი | ტურნირი | შედეგი |
| 1993/1994 | თასების თასი, 1/2 ფინალი | პსჟ 1:1 არსენალი |
| 1993/1994 | თასების თასი, 1/2 ფინალი | არსენალი 1:0 პსჟ |
| 2016/2017 | ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი | პსჟ 1:1 არსენალი |
| 2016/2017 | ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი | არსენალი 2:2 პსჟ |
| 2024/2025 | ჩემპიონთა ლიგის ფაზა | არსენალი 2:0 პსჟ |









