20214 წელს ბარსელონამ ხელიდან გაუშვა ტონი კროოსის გაფორმების შესაძლებლობა. ამის შესახებ ისაუბრა Cadena SER-ის ჟურნალისტმა, რამონ ბესამ. შეგახსენებთ, რომ მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გერმანელი შუახაზელი კარიერას დაასრულებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალი იქნება მადრიდის რეალის ჰავბეკის ბოლო მატჩი თეთრი მაისურით.
34 წლის ნახევარმცველი "სამეფო კლუბის" ლეგენდაა, თუმცა შესაძლებელი იყო, რომ მას მთელი ამ დროის განმავლობაში კატალონიაში ეთამაშა. მას შემდეგ, რაც "ბლანკოსის" მე-8 ნომრის მიუნხენის ბაიერნიდან წასვლა გახდა გარდაუვალი, "ბლაუგრანას" მისი ტრანსფერი ურჩია პეპ გვარდიოლამ, რომელიც იმ დროს გერმანიაში მუშაობდა.
ესპანელი ჟურნალისტი კროოსის არშმედგარ ტრანსფერს ასე იხსენებს:
"მახსოვს, რა ხდებოდა მისი გადასვლის გარშემო. გვარდიოლა თავის შეგირდს ურჩევდა ბარსას, კლუბი კი არ იყო დარწმუნებული, თუ რამდენად ღირდა ამ მოთამაშის სანაცვლოდ ფულის გადახდა. მოგვიანებით, კროოსით რეალიც დაინტერესდა.
კატალონიელებს დაენანათ ფულის გადახდა და ამისთან ერთად, მიიჩნევდნენ, რომ ტონის საქმეს სხვა ნახევარმცველებიც გააკეთებდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ, გერმანელი შუახაზელი წავიდა მადრიდში, "ბლაუგრანამ" კი ფსონი სამპერზე გააკეთა", - იხსენებს Cadena SER-ის ჟურნალისტი 2014 წელს ჩაშლილ ტრანსფერს.
სამპერმა ვერ მოახერხა "ლურჯ-ბროწეულისფრებში" დამკვიდრება და დღეს ის ანდორის სეგუნდა დივიზიონში თამაშობს. გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის შესახებ კი ყველაფერი ნათელია: მან ბერნაბეუზე ისტორია დაწერა, მოიგო უამრავი ტიტული და ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო შუახაზელი გახდა.











