რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ წყალტუბოს სამგურალის ლიდერი, გიორგი ფანცულაია კარიერას უზბეკეთის მეორე ლიგაში, კატაკურგანში გააგრძელებს.
ფანცულაიას ამ ტრანსფერს ქართველი გულშემატკივრისგან დიდი კრიტიკა მოჰყვა. უმრავლესობა თვლის, რომ ქართველი ფეხბურთელი უზბეკეთის მეორე ლიგაში არ უნდა მიდიოდეს.
LaGazzetta.ge 32 წლის თავდამსხმელს დაუკავშირდა და ამ თემაზე ვრცლად ესაუბრა.
პირველ რიგში, გასულ სეზონზე გვესაუბრე - სამგურალის მაისურით 17 გოლი გაიტანე და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი დაიკავე...
"გასული სეზონი რთული გამოვიდა, რადგან ყველა მატჩი დაძაბული გვქონდა, ცხრილშიც ხან ზემოთ ავდიოდით, ხან ჩავდიოდით და სულ დაძაბულობა იყო. 17 გოლი გავიტანე და გული მწყდება, რომ ბომბარდირი ვერ გავხდი. შემეძლო, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც მინდოდა."
შენს ხანგრძლივ კარიერაში აქამდე 17 გოლი არასდროს გაგიტანია. თვლი თუ არა, რომ გასული სეზონი შენთვის საუკეთესო იყო?
"ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად იყო. დინამო ბათუმთან ერთად რომ ჩემპიონი გავხდი, იმ სეზონში 13 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემა მქონდა, ევროტურნირებზეც 3 გოლი გავიტანე და იმ სეზონსაც გამოვარჩევდი"
როცა ფეხბურთელი სეზონზე 17 გოლს იტანს, ლოგიკურია, რომ შემოთავაზებები უნდა ჰქონდეს. როგორ იყო შენს შემთხვევაში?
"ქართული კლუბებისგან შემოთავაზება საერთოდ არ მქონია. ერთადერთი, სამგურალს უნდოდა კონტრაქტის გახანგრძლივება, თუმცა ისეთი პირობები შემომთავაზეს, რომ ვერ შევთანხმდით. მაგ პირობებზე ფიზიკურად ვერ დავრჩებოდი. იყო შემოთავაზებები უცხოური კლუბებისგან და შეთანხმებულიც ვიყავი, თუმცა ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა."
საბოლოოდ გადახვედი უზბეკეთის მეორე ლიგის გუნდში. ამ ტრანსფერმა ხალხში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ფეხბურთელის გადმოსახედიდან გვითხარი, რატომ გააკეთე არჩევანი უზბეკეთის მეორე ლიგაზე?
"კარგი პირობები შემომთავაზეს, კარგი სათამაშო ფილოსოფია აქვთ, ახალი კლუბია და მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლაა. ხალხის მესმის, როცა ამბობენ, უზბეკეთის მეორე ლიგაში რატომ წავიდაო, მაგრამ რა უნდა ქნას ფეხბურთელმა, რომელსაც ქართული კლუბებისგან შემოთავაზება არ აქვს? საქართველოში ისეთი პირობები უნდა იყოს, რომ ფეხბურთელს წასვლა არ უწევდეს და გუნდები ბირთვს უნდა ინარჩუნებდნენ, თუ ბირთვს დაშლი, შედეგი არ იქნება. ფეხბურთელს კი ოჯახი ჰყავს და გინდა არ გინდა, კარგ პირობებზე წასვლა უწევს."
ბოლო წლებში მოხშირდა, რომ ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში ოდნავ რომ თავს გამოიჩენს, მაშინვე ყაზახეთში, უზბეკეთში და მსგავს ჩემპიონატებში მიდის...
"თავის ქვეყნიდან შორს წასვლა და ოჯახის დატოვება არცერთ ფეხბურთელს არ ეხალისება. რა თქმა უნდა, როცა ამ ჩემპიონატებში მიდიხარ, მიზანი არა კარიერული წინსვლა, არამედ ფინანსური სარგებლის ნახვაა. თუ უზბეკეთში ფეხბურთელს ხელფასი სიტყვაზე 5 ათასი დოლარი აქვს და სეზონში 10 გოლს გაიტანს, მომდევნო წელს სამმაგი უხდება. იქ ფეხბურთელებს აფასებენ და კარგი პირობები აქვთ."
ისეთი დიდია სახელფასო სხვაობა ეროვნული ლიგის გუნდებსა და უზბეკეთის გუნდებს შორის, რომ ფეხბურთელი დაუფიქრებლად უზბეკეთს ირჩევს?
"რა ხელფასიც ქართველ ფეხბურთელს საქართველოს ჩემპიონატში აქვს, აქ ორმაგს და სამმაგს გიხდიან, თან, როგორც ვთქვი, თუ თავს გამოიჩენ, გიფასდება და ანაზღაურება ყოველწელს გეზრდება."
შენი, როგორც გამოცდილი ფეხბურთელის აზრით, რა არის ამ ყველაფრის გამოსწორების გზა?
"დარწმუნებული ვარ, ქართული კლუბებისგან არცერთი ფეხბურთელი არ ითხოვს ასტრონომიულ ხელფასს. უბრალოდ, უნდა შეკრა ბირთვი და შეუქმნა ფეხბურთელს პირობა, რომ სხვაგან წასვლაზე არ იფიქროს. მაგალითად, იბერიას წელს საკმაოდ კარგი სატრანსფერო პოლიტიკა ჰქონდა და ამას მივესალმები. უზბეკეთის ჩემპიონატი ჩვენს ჩემპიონატს არაფრით არ აღემატება. უბრალოდ, იმ პრობლემების წინაშე ვდგავართ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე."









