მადრიდის რეალის ყოფილმა მარცხენა მცველმა, როისტონ დრენტემ 38 წლის ასაკში ინსულტი გადაიტანა. ის ერთ კვირაზე მეტია, რაც წევს საავადმყოფოში და ბოლო ცნობების თანახმად, ყოფილი ნიდერლანდელი განაპირა მცველის მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია.
ინსულტის მიზეზი უცნობია, თუმცა ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ "სამეფო კლუბის" ყოფილი მარცხენა მცველი ამ მდგომარეობამდე არასპორტულმა ცხოვრების წესმა მიიყვანა. 38 წლის ყოფილ განაპირა მცველს ჯერ კიდევ საფეხბურთო კარიერის დროს ჰქონდა დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები.
სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების ყოფილი მე-15 ნომრის კარიერის დასაწყისში, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა. 2007 წელს დრენტე გახდა ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი U21-ებს შორის და ამასთან ერთად, ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
შემდეგ იყო ტრანსფერი ფაბიო კაპელოს გუნდში, ლა ლიგის ჩემპიონობა და რეგრესი. ნიდერლანდელმა მარცხენა მცველმა ვერ შეძლო დამკვიდრება რეალში, რის შემდეგაც მან უამრავი კლუბი მოიარა. როისტონი ცოტა ხნით გაჩერდა ვლადიკავკაზის ალანიაშიც, სადაც მისი თანაგუნდელები გიორგი ჭანტურია და მამუკა კობახიძე იყვნენ.
საფეხბურთო კარიერის შემდეგ, მადრიდელთა ყოფილმა მარცხენა მცველმა გადაინაცვლა ჰიპ ჰოპში, თუმცა ახალ სფეროში მან ასევე ვერ ნახა წარმატება. ყველაფერი დასრულდა იმით, რომ 38 წლის ყოფილი განაპირა მცველი ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გაკოტრებულად გამოცხადდა.









