რეალი-ბაიერნი 2:0 (3:2) - 2001/2002, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი
რეალი ჩემპიონთა ლიგის იმდროინდელ მოქმედ ტრიუმფატორთან პირველ შეხვედრაში ანგარიშით 1:2 დამარცხდა და ცხადია, გულშემატკივრები "გალაქტიკოსებისგან" ქამბექის მოლოდინში იყვნენ. ასეც მოხდა: ივან ელგერასა და ხოსე მარია გუტის გოლებით მადრიდელებმა ბაიერნის ბარიერი წარმატებით გადალახეს.

მანჩესტერი-რეალი 1:2 (2:3) - 2012/2013, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი
მართალია, აღნიშნულ შეხვედრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ლუიშ ნანის საკამათო ვითარებაში გაძევებამ და მანჩესტერის ფეხბურთელების უმცირესობაში დარჩენამ, მაგრამ ფაქტია, ქამბექი შედგა. პირველ მატჩში დაფიქსირდა 1:1, მეორე თამაშში კი რეალი 66-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ შემდეგ, ლუკა მოდრიჩისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით თამაში შემოტრიალდა.

რეალი-ატლეტიკო 4:1 - 2013/2014, ჩემპიონთა ლიგის ფინალი
ლეგენდად ქცეული შეხვედრა, სადაც ატლეტიკოს ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, თუმცა სერხიო რამოსის მიერ 93-ე წუთზე გატანილმა თავურმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დაინიშნა დამატებითი დრო, რეალმა კი დემორალიზებული მადრიდელი მეზობელი საბოლოოდ გატეხა. ასე დაიწერა ლა დეციმა.

რეალი-ვოლფსბურგი 3:0 (3:2) - 2015/2016, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი
რეალის საჩემპიონო სეზონში დაფიქსირდა ასეთი სენსაცია - მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა ვოლფსბურგმა, თანაც ორბურთიანი უპირატესობით. საპასუხო მატჩში შედგა მადრიდელთა ქამბექი, რომელიც მთლიანად კრიშტიანუ რონალდუს სახელობის გამოდგა. "მგლების" კარში სამივე ბურთი სწორედ პორტუგალიელმა ფორვარდმა გაიტანა.

რეალი-ბაიერნი 4:2 (6:3) - 2016/2017, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური დაპირისპირება, სადაც მსაჯის მიერ მიღებული საკამათო გადაწყვეტილებები ჭარბობდა. რაც შეეხება მატჩების მიმდინარეობას, რეალმა სტუმრად მოიგო 2:1, საპასუხო თამაშის ძირითად დროში იგივე შედეგი დააფიქსირა ბაიერნმაც, რის შემდეგაც დამატებითი დრო დაინიშნა.
მადრიდელებმა 30-წუთიან შუალედში გაიტანეს სამი გოლი და მიუნხენური ბარიერიც გადალახეს. მაყურებელმა იხილა კრიშტიანუ რონალდუს კიდევ ერთი ჰეტტრიკი ბუნდესლიგის წარმომადგენლის წინააღმდეგ, ამჯერად თვით "რეკორდმაისტერთან". ტომას მიულერი ამ მატჩში მომხდარ მოვლენებს დღემდე იხსენებს.

რეალი-პსჟ 3:1 (3:2) - 2021/2022, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი
პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ, რეალმა პარის სენ-ჟერმენისგან შინაურ კედლებშიც გაუშვა გოლი და შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის სამი ბურთის გატანა იყო საჭირო. მადრიდელთა ქამბექი დაიწყო 61-ე წუთიდან და მაყურებელმა კარიმ ბენზემას სოლო კონცერტი იხილა. სამივე გოლი სწორედ ფრანგმა ფორვარდმა გაიტანა.

რეალი-ჩელსი 2:3 (5:4) - 2021/2022, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი
პირველ შეხვედრაში კარიმ ბენზემას მორიგი ჰეტტრიკის შემდეგ, განმეორებითი თამაში რეალისთვის თითქოს იოლი გასეირნება უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩელსიმ არაფერი დათმო და 80-ე წუთისთვის 3-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მადრიდელები თამაშში დაბრუნდნენ როდრიგო გოესისა და თავიანთი ფრანგი ლიდერის ბურთებით. შედეგი 2:3, ორი მატჩის ჯამში კი 5:4 "სამეფო კლუბის" სასარგებლოდ.

რეალი-სიტი 3:1 (6:5) - 2021/2022, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი
უხვგოლიანი პირველი შეხვედრის (3:4) შემდეგ, რეალს სახლში მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, თუმცა რიად მაჰრეზის მიერ 73-ე წუთზე გატანილი ბურთის შემდეგ, სიტი ცალი ფეხით თითქოს უკვე ფინალში იყო. რა მოხდა შემდეგ? შეცვლაზე შემოსულმა როდრიგო გოესმა დუბლი შეასრულა, კარიმ ბენზემამ კი საბოლოო წერტილი დასვა. ეს ყველაფერი მოხდა 5 წუთის შუალედში, 90-95 წუთებზე.

სიტი-რეალი 1:1 (4:4, პენ. 3:4) - 2023/2024, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი
რეალი პირველ შეხვედრაში 79-ე წუთამდე აგებდა, საბოლოოდ კი თამაში ფრედ, 3:3 დასრულდა. იმის გათვალისწინებით, რომ მასპინძლებს მოუწიათ თამაშის გადარჩენა და აღნიშნული ანგარიში დაფიქსირდა შინაურ კედლებში, სიტის ბარიერის დაძლევა გასვლით მატჩში სრულფასოვან ქამბექად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ასევე ფრე დაფიქსირდა განმეორებით შეხვედრაშიც. გასვლით თამაშში გატანილი გოლის პრინციპი დიდი ხანია აღარ მოქმედებს და სწორედ ამიტომ, დაინიშნა 11-მეტრიანები, რომელშიც მოგებული მადრიდული გუნდი გამოვიდა. მათ ქამბექს ხიბლს მატებს ის ფაქტი, რომ პირველი პენალტი სწორედ "სამეფო კლუბმა" გააფუჭა.
ლუკა მოდრიჩმა ვერაფერი მოუხერხა ედერსონ მორაესს, თუმცა შემდეგ, მაყურებელმა იხილა ანდრეი ლუნინის გმირობა, რომელმაც ბერნარდო სილვასა და მატეო კოვაჩიჩის დარტყმები მოიგერია. ასეთი იყო "ბლანკოსის" მოთამაშეების მიერ დადგმული მორიგი შოუ და წინგადადგმული ნაბიჯი მე-15 ჩემპიონობისკენ.

რეალი-ბაიერნი 2:1 (4:3) - 2023/2024, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი
ამ დროისთვის უკანასკნელი შედევრი რეალის შესრულებით. განმეორებითი შეხვედრის 88-ე წუთამდე ბაიერნი ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლასთან, მაგრამ შემდეგ მადრიდელებმა გააკეთეს ის, რაც მათ სხვებზე უკეთ გამოსდით. ქამბექის გმირი გამოდგა ხოსელუ მატუ, რომელმაც გერმანელთა ოცნებები 3 წუთის შუალედში დაამსხვრია.












