ლუიშ ფიგუმ თავის ყოფილ გუნდს, მადრიდის რეალს სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელი ურჩია. ლეგენდარული ნახევარმცველისთვის ასეთი მოთამაშე არის ბილბაოს ატლეტიკის ლიდერი, ნიკო უილიამსი. გამოსარჩევია ისიც, რომ ახალგაზრდა ვინგერის მიმართ აქტიურ ინტერესს იჩენს არა "სამეფო კლუბი", არამედ ბარსელონა.
"ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მომწონს, თუმცა პირველ რიგში უილიამსს გამოვარჩევ. რეალის ხელმძღვანელების ადგილზე რომ ვიყო, სწორედ ნიკოს გავიფორმებდი. ის არის ნამდვილი მარგალიტი, თანაც მისი ღირებულება ოპტიმალურია, იმის გათვალისწინებით, თუ რა ფული იხარჯება სატრანსფერო ბაზარზე.
დიახ, ფასისა და ასაკის გათვალისწინებით, ესპანელი გარემარბი იდეალური შენაძენი იქნებოდა. მას აქვს არაერთი ძლიერი მხარე, თუმცა უპირველეს ყოვლისა ბილბაოს ლიდერის სისწრაფეს გამოვარჩევ. მე ვიყავი მისი სტილის მოთამაშე, მაგრამ ასეთი სწრაფი არ ვყოფილვარ."









