მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი, ლენარტ კარლი თავისი ერთ-ერთი კომენტარის გამო ყურადღების ცენტრში მოექცა. ახალგაზრდა გერმანელმა ფლეიმეიქერმა განაცხადა, რომ მისი ოცნების გუნდი არის მადრიდის რეალი და არა "რეკორდმაისტერი". აღნიშნული სიტყვების შემდეგ, ალიანც არენას ბინადრების ფანებმა 17 წლის შუახაზელი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს.
"ჩვენს შორის დარჩეს - ბაიერნი უდიდესი გუნდია, თუმცა მომავალში რეალში გადასვლა მომინდება. დიახ, აქ თამაში ძალიან განსაკუთრებულია, მაგრამ ჩემთვის, საოცნებო ადგილი სწორედ მადრიდია."
გერმანელმა ნახევარმცველმა ეს კომენტარი გააკეთა 140 ადამიანის თანდასწრებით, ერთ-ერთი გამოსვლის დროს და ცხადია, მისი სიტყვები საიდუმლოდ არ დარჩენილა. მიუნხენელთა ფლეიმეიქერი გააკრიტიკეს როგორც კლუბის ქომაგებმა, ისე ვეტერანებმაც, მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
17 წლის ნახევარმცველის კომენტარს გაგებით მოეკიდა ლეგენდარული ლოთარ მათეუსი და მან აღნიშნა, რომ საფეხბურთო კარიერის დროს "სამეფო კლუბში" გადასვლაზე ისიც ოცნებობდა. შეგახსენებთ, გერმანელი ყოფილი შუახაზელი სხვადასხვა დროს თამაშობდა "რეკორდმაისტერში", მილანის ინტერნაციონალეში, მიუნხენგლადბახში და კიდევ რამდენიმე კლუბში.
"ვთვლი, რომ კარლის განცხადებაში კრიტიკული არაფერია. მას სურს რეალში თამაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ამბიციური და თავდაჯერებულია. მეც მინდოდა რეალში თამაში, მაგრამ ინტერმა არ გამიშვა. დიახ, ოცნებები მეც მქონდა."
საინტერესოა, რომ ახალგაზრდა გერმანელ ნახევარმცველს მადრიდთან შეხება წარსულში უკვე ჰქონდა. 10 წლის ასაკში ის ამ გუნდში მოხვდა სინჯებზე და ლენარტმა "სამეფო კლუბის" სხვა ბავშვებთან ერთად ორი შეკრებაც გაიარა. რაც შეეხება წამოსვლის მიზეზს, მომავალი ფეხბურთელის მამამ ჩათვალა, რომ შვილს სჭირდებოდა უფრო მშვიდი გარემო, რის გამოც ბერნაბეუზე თამაშზე მეოცნებე ბიჭი სამშობლოში დაბრუნდა.









