ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეოთხე ტურში ბარსელონა ბრიუგეს ესტუმრება. მასპინძელთა შემადგენლობაში თამაშობს ფეხბურთელი, რომლის ოჯახში კარგად იციან, თუ რას ნიშნავს კატალონიელებთან მოგება. საუბარია ალექსანდრ სტანკოვიჩზე, რომელიც 2025 წელს Golden Boy-ს ნომინანტებს შორისაც კი მოხვდა.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო საბოლოოდ წაიღო დეზირე დუემ, თუმცა ამით, სერბი ნახევარმცველის მიმართ ინტერესი არ ჩამცხრალა. "ცვარტბლაუს" შუახაზელი არის მილანის ინტერის აკადემიის აღზრდილი, ისევე როგორც მისი ძმები, სტეფანი და ფილიპი.
20 წლის ნახევარმცველის მამა, დეიანი კი როგორც გვახსოვს, წლების განმავლობაში იცავდა "ნერაძურის" ღირსებას, რომლის შემადგენლობაში მან 325-ზე მეტი შეხვედრის ჩატარება მოასწრო. სერბმა შუახაზელმა მეაცას ბინადრებთან ერთად მოიგო ტრებლი, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/2 ფინალში "ბლაუგრანასთან" მოგებით.
ჟოზე მოურინიოს გუნდის ნახევარმცველი კამპ ნოუს ბინადრების წინააღმდეგ შემოვიდა მეორე ტაიმში, მატჩში, რომელიც მომავალმა ჩემპიონებმა 3:1 მოიგეს. რაც შეეხება ფინალს, ინტერმა დაამარცხა მიუნხენის ბაიერნი და საინტერესოა, რომ თამაშის შემდგომ ზეიმში მონაწილეობა მიიღო ფლანდრიელთა ამჟამინდელმა 25-ე ნომერმაც, რომელიც იმ დროს 5 წლის იყო.
"როდესაც ინტერმა დაამარცხა ბაიერნი და აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი, სტადიონზე მეც ვიყავი. ბუნდოვნად მახსოვს, ხუთი წლის ვიყავი. სნეიდერს ერთ ხელში ეჭირა თასი, მეორე ხელში კი მე ვეკავე. საოცარი მომენტი იყო."
დღეს, როგორც აღვნიშნეთ, სერბი ნახევარმცველი მამის კვალდაკვალ ბარსელონას დამარცხებას ეცდება. ცნობისთვის, ახალგაზრდა შუახაზელმა ევროსარბიელზე სადებიუტო ბურთის შეგდება უკვე მოასწრო. მთავარი საკლუბო ტურნირის შესარჩევში ბრეიდელის ბინადრების ლეგიონერმა გლაზგო რეინჯერსის კარი აიღო.









