როგორც მოგეხსენებათ, საბა გოგლიჩიძემ სერია ა-ს უკანასკნელ ტურში ტრავმა მიიღო. დაზიანება გამოდგა იმდენად სერიოზული, რომ ახალგაზრდა უკანახაზელმა გამოტოვა სანაკრებო პაუზა, რომლის მსვლელობისას საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგაზე გადამწყვეტი მატჩები ჩაატარა.
ისმის კითხვა - ითამაშებს თუ არა ქართველი ცენტრალური მცველი ემპოლის უახლოეს შეხვედრაში? თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის მოედანზე იქნება. მართალია, "აძურის" უკანახაზელი ამ დროისთვის ვარჯიშობს ინდივიდიალურად, მაგრამ კლუბის ექიმები ვარაუდობენ, რომ ორშაბათისთვის ის მწყობრში იქნება.
ტოსკანური გუნდის მოწინააღმდეგე უდინეზე იქნება. შეხვედრა ჩვენი დროით 21:30 საათზე გაიმართება. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში "ლურჯების" მე-2 ნომერმა 9 მატჩის ჩატარება მოასწრო.











