ევრო 2020-ზე "ბუნდესნაკრებმა" წარმატებას ვერ მიაღწია და მერვედფინალში ინგლისთან 0:2 წააგო. იმედგაცრუება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც გაგრძელდა, სადაც ჰანსი ფლიკის მიერ გაწვრთნილი გუნდი ჯგუფში ჩარჩა - გერმანელებმა იაპონიასთან წააგეს, ესპანეთთან ფრედ ითამაშეს და მხოლოდ კოსტა რიკა დაამარცხეს.
მიუხედავად ამისა, მწვრთნელად იულიან ნაგელსმანის დანიშვნის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა და თანაც, ჯამალ მუსიალამ და ფლორიან ვირტცმა გაბრწყინება დაიწყეს.
ცხადია, ნაგელსმანი მასზე დაკისრებულ წნეხსა და ვალდებულებას იაზრებს და ცდილობს, ნაკრები მოახლოებულ ევრო 2024-ს საუცხოო ფორმაში შეხვდეს.
როგორც ცნობილია, სპეციალისტი ამისათვის ნაცად და ახალ ხერხებს იყენებს - მაგალითად, ცოტა ხნის წინ გერმანიის ნაკრების ვარჯიშზე სპეცრაზმი გამოჩნდა - მიზეზი კი მარტივია, ნაგელსმანმა მოთამაშეები სპეციალური ოპერაციების ძალების შესაბამისი/მათზე მორგებული პროგრამით ავარჯიშა. ფეხბურთელებმა ერთი-ერთზე დაპირისპირებები ფრთხილად გაითამაშეს და 20 მეტრის სიმაღლეზე ასვლით, წინააღმდეგობები ერთად გადალახეს.

მთავარ მწვრთნელს სჯერა, რომ მსგავსი აქტივობები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდს უფრო ერთიანს გახდის.
გარდა ამისა, იულიან ნაგელსმანმა ლაიპციგისაგან ეკრანი ითხოვა და სავარჯიშო მოედანზე დაამონტაჟებინა. აღნიშნული ტექნიკა მწვრთნელისათვის ახალი არ არის, ვინაიდან, ის ეკრანს "ბაიერნში" ყოფნის დროსაც იყენებდა.
გერმანია ევრო 2024-ზე ჯგუფში შოტლანდიას, უნგრეთსა და შვეიცარიას დაუპირისპირდება. თუ გუნდი მერვედფინალში გავა, შესაძლოა, ისევ ინგლისს შეხვდეს და 2020 წლის ჯახის დრამატული გამეორება ვიხილოთ.










