La gazzetta dello Sport Georgia დღის განმავლობაში ცდილობა ლუკა მაისურაძესთან, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, საქართველოს ძიუდოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ლაშა გუჯეჯიანთან დაკავშირებას, თუმცა მათ ჩვენთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, ასევე დაკავშირება ვცადეთ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმთან, ზურაბ კახაბრიშვილთანაც.
La gazzetta dello Sport Georgia-სთან კომენტარი საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარემ, პალიკო კასრაძემ გააკეთა:
„ტესტირება ჩატარდა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ. ლუკა მაისურაძის დისკვალიფიკაცია შესაძლო იყო 4 წლით განსაზღვრულიყო, თუმცა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დისკვალიფიკაციის ვადა 1 წლამდე შემცირდა. შესაბამისი ვადის ამოწურვის შემდეგ, ჩვენ გვაქვს უფლებამოსილება და ვალდებულება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოვაქვეყნოთ მიღებული გადაწყვეტილება და ასეც მოვიქეცით,“ - განაცხადა პალიკო კასრაძემ.
საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ანტიდოპინგური სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებაში განმარტებულია ლუკა მაისურაძის ორგანიზმში აღმოჩენილი აკრძალული ნივთიერების შესახებ:
კომისიაში შემოსული დოკუმენტაციის ანალიზით ირკვევა, რომ 2023 წლის 12 აპრილს, არასაშეჯიბრო ტესტირების დროს, GADA-ს დოპინგ კონტროლის ოფიცერმა („DCO“) აიღო ლუკა მაისურაძისგან შარდის ნიმუში, რომელიც გაიყო ორად და მიეცა საცნობარო ნომრები A1190309 (“A ნიმუში”), B1190309 („B ნიმუში“).
ტესტირების ჩატარების პროცესზე, ლუკა მაისურაძეს შენიშვნა პროცესის მიმართ არ ჰქონია, რის შესახებაც მითითებულია დოპინგკონტროლის ფორმაში და დადასტურებულია ხელის მოწერით.
იმავე დღეს, 2023 წლის 12 აპრილს ნიმუში გადატანილი იქნა მსოფლიო ანტიდოპინგურ სააგენტოს მიერ (“WADA”) - აკრედიტებული ლაბორატორიაში, დოპინგის ლაბორატორია, კიოლნი, გერმანია (ლაბორატორია).
ლაბორატორიამ, გაანალიზა A ნიმუში WADA-ს ლაბორატორიების საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ნიმუშის ანალიზმა დაადასტურა არასასურველი ანალიტიკური შედეგი: (AAF) – S1.2 სხვა ანაბოლური აგენტები/ანობოზარმი (ოსტარინი).
შედეგის შესახებ ლაბორატორიამ საქართველოს ანტი-დოპინგურ სააგენტოს აცნობა 2023 წლის 9 ივნისს. სხვა ანაბოლური აგენტები/ენობოზარმი (ოსტარინი) WADA-ს აკრძალული სიის S1 კლასის მიხედვით ითვლება აკრძალულ განუსაზღვრელ (არა-სპეციფიური) ნივთიერებად.
მას ბრალი დაეკისრა (ADR-ის 7.2 მუხლის შესაბამისად) და დადგინდა, რომ სპორტსმენს ეკისრება პასუხისგება 2.1 ADR-ის დარღვევისთვის, კერძოდ, სპორტსმენის ნიმუშში აკრძალული ნივთიერებების „სხვა ანაბოლური აგენტების“ არსებობის გამო.
გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ ლუკა მაისურაძეს საკვები დანამატები რეაბილიტოლოგმა გადასცა. სპორტსმენის ჩვენებით, მან არაფერი იცოდა აკრძალული ნივთიერების შემცველობის შესახებ.
გადაწყვეტილებას დართულია აქვს მიმართვა.
საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარეს ბატონ პავლე კასრაძეს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ანტიდოპინგური სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარის ნინო ბოჭორიშვილის მიმართვაში ვკითხულობთ:
„კომისიამ განსახილველ საქმეში მიიჩნია, რომ არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სპორტსმენის - ძიუდოს ნაკრების წევრის ლუკა მაისურაძის ბრალეულობის შეფასებით, პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია დიმიტრი ბაღათურიას ქმედების შეფასება, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განსახილველ საქმეში სპორტსმენის მხრიდან ანტიდოპინგური წესების დარღვევის წყაროს წარმოადგენს დაბინძურებული საკვები დანამატი, რომლის მიღებაც ურჩია რეაბილიტოლოგმა, არა მარტო ურჩია, არამედ თავად შეიძინა და გადასცა სპორტსმენს, მიუხედავად იმისა, რომ თავად კვალიფიკაციით ექიმი არ არის, პრეპარატის შესახებ ინფორმაცია არ გადაამოწმა სპორტის ექიმთან, ასევე არ შეამოწმა ყველა ვალიდური და ხელმისაწვდომი საშუალება, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სპორტსმენს.
შესაბამისად, მოგმართავთ დაიწყოთ წარმოება საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების რეაბილიტოლოგის დიმიტრი ბაღათურიას მხრიდან ჩადენილი ქმედების შეფასების მიზნით.“
ლუკა მაისურაძის დისკვალიფიკაცია 2024 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
დისკვალიფიკაციის პერიოდში, სპორტსმენს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრებებში ან სხვა ღონისძიებებში (გარდა სპეციალური ანტიდოპინგური საგანმანათლებლო ან სარეაბილიტაციო პროგრამებისა), რომლებიც ორგანიზებულია ხელმომწერი მხარის, მისი წევრი ორგანიზაციის, ან ამ უკანასკნელის წევრი კლუბის ან ორგანიზაციის მიერ.
ლუკა მაისურაძე 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 2022 წლის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატებისა და 2019 წლის ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია, ასევე მედლები აქვს მოპოვებული სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე.
ჯერ უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია და შეუნარჩუნდება თუ არა ლუკა მაისურაძეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, რადგანაც სინჯი 2023 წლის აპრილშია აღებული, მაისურაძე კი მსოფლიოს ჩემპიონი მაისში გახდა.
შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილის ვინაობა საქართველოდან (-90 კგ.) ლუკა მაისურაძესა და ლაშა ბექაურს შორის უნდა გარკვეულიყო, თუმცა მაისურაძეს ზაფხულში ასპარეზობა აკრძალული აქვს, შესაბამისად, ბექაურს კონკურენციას ვეღარ გაუწევს და ოლიმპიურ თამაშებსაც გამოტოვებს.
ლუკა მაისურაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი "ლიდერსპორტთან" გააკეთა:
"ერთი წლის წინ აღებულ დოპინგ ტესტში ვითომ მიპოვეს რაღაც ოსტარინი, რომელიც იყო რაღაც დანამატებთან ერთად. ადვოკატი ავიყვანე, ვიბრძოლე, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე. დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი, - ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად", - განაცხადა მაისურაძემ.









