მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს თურქეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. მოგეხსენებათ, ეს ნაკრებები საქართველოს ჯგუფში თამაშობენ და ჩვენი უშუალო კონკურენტები არიან.
მატჩის წინ კომენტარი თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ გააკეთა.
"საქართველოსთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. პირველივე მატჩში ქულების მოპოვება აუცილებელი იყო.
ახლა კი ევროპის ჩემპიონს ვხვდებით. ესპანეთს უძლიერესი ნაკრები ჰყავს და მათთან თამაშის დაგეგმვა საკმაოდ რთულია, თუმცა ჩემი ნაკრების, გულშემატკივრების მჯერა და მაქსიმუმს გავაკეთებთ.
როგორ უნდა შევაჩეროთ იამალი? - ის ბრწყინვალე ტალანტია და მისი შეჩერება ადვილი არ არის, თუმცა ვფიქრობ, მთლიანი ესპანეთის ნაკრები ძლიერია და მთელი გუნდის განეიტრალებაზე უნდა ვიფიქროთ", - განაცხადა მონტელამ.









