ჩვენი გუნდი EURO 2024-ზე Macron-ის ფორმით წარდგება. აღსანიშნავია, რომ ეს ბრენდისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, Macron-ის ფორმით კონტინენტის პირველობაზე საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებები იასპარეზებენ.
საქართველოში მაკრონის ოფიციალური წარმომადგენელი შპს "გაფა ბიზნესია".
EURO 2024, ბრენდის ცნობადობის გაზრდა და მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, - ამ თემების შესახებ La Gazzetta dello Sport Georgia-სთან ინტერვიუში შპს "გაფა ბიზნესის" დირექტორმა, თემო ქომეთიანმა ისაუბრა:
- მიჩვეულები ვართ რომ ევროპის ჩემპიონატზე, ძირითადად, Adidas, Puma და Nike-ია წარმოდგენილი, რას ნიშნავს თქვენი ბრენდისთვის EURO 2024-ზე 2 წარმომადგენელი გყავდეთ? საქართველო და ალბანეთი ...
- საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოახერხა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საგზურის მოპოვება და ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ ქართული ფეხბურთის ამ ისტორიულ ეტაპზე, ეროვნული ნაკრების ტექნიკური პარტნიორი Macron-ია.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქართველ ხალხს, ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ ისტორიულ შედეგს.
Macron, როგორც ბრენდი, სტაბილურად ვითარდება და ევროპის ტოპ საფეხბურთო ლიგებში არაერთ წარმატებულ საფეხბურთო კლუბთან თანამშრომლობს.
ბოლო წლებში Macron-მა აქტიურად დაიწყო საფეხბურთო კონფედერაციებთან და ეროვნულ ფედერაციებთან თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, Macron არის UEFA-ს ტექნიკური პარტნიორი და როგორც EURO 2024-ზე, ასევე, UEFA-ს ეგიდით გამართულ საკლუბო ჩემპიონატებზე, მსაჯები ატარებენ Macron-ის მიერ წარმოებულ სპორტულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს.
ჩვენი კომპანია არის Macron-ის ოფიციალური დილერი მსოფლიოს 5 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. 2024 წელი ჩვენი ბრენდისთვის გამორჩეული წელია, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი 2 პარტნიორი ნაკრები იქნება წარმოდგენილი. ვამაყობთ ამ შედეგით და გვჯერა, რომ ეტაპობრივად Macron-ის უფრო მეტი პარტნიორი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.
- საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც ცდილობს თავისი ადგილის დამკვიდრებას ევროკავშირში, ევროპის ჩემპიონატი კარგი შანსია ჩვენი ქვეყანა მსოფლიომ კიდევ უფრო გაიცნოს, ხომ არ გეგმავთ რაიმე სპეციალური ან სადღესასწაულო კოლექციის გამოშვებას?
- საქართველოს ადგილი არის ევროპაში და ეს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მთელი მსოფლიო საქართველოს უკეთ გაიცნობს.
ეროვნულ ნაკრებს უკვე აქვს სამი სხვადასხვა ფერის მაისური (თეთრი, შავი და წითელი). ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და Macron შორის განხილული იქნება სადღესასწაულო კოლექციის ან სპეციალური მაისურების გამოშვების საკითხი.
- როგორ შეაფასებთ, მთლიანობაში თქვენი მარკეტინგული ფსონი საქართველოში გამართლდა? (ეს არის ბრენდის ცნობადობის მოპოვება) მაგრამ გაყიდვებიდან - როგორი იყო თქვენი პროგნოზები საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით და რა შედეგი მიიღეთ? გაყიდვები გაიზარდა?
- საქართველო Macron-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბაზარი გახდა. სანამ ჩვენი კომპანია მოიპოვებდა Macron წარმომადგენლობის უფლებას, საქართველოში არცერთი სპორტული კლუბი ან ფედერაცია არ ატარებდა Macron-ის სპორტულ ეკიპირებას. მას შემდეგ, რაც ჩვენი კომპანია Macron ბრენდით გამოჩნდა ბაზარზე, მას დომინანტური პოზიცია უჭირავს.
დღესდღეობით, არაერთ სპორტულ კლუბთან და ეროვნულ ნაკრებთან ვთანამშრომლობთ. გამართლდა ჩვენი მოლოდინი გაყიდვებთან დაკავშირებით. ახალი პროექტები გვაქვს, რომელთა განხორციელებას მალე დავიწყებთ და საზოგადოებისთვისაც მალე გახდება ცნობილი.
- ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ახალ ფორმებს ამზადებთ?
- არა, საქართველოს ეროვნული ნაკრები EURO 2024-ზე იგივე დიზაინის ფორმებით იასპარეზებს, რომლითაც ერთა ლიგის პლეიოფ ეტაპზე იასპარეზა.
- იგეგმება Macron Sports Hub-ის გახსნა, თუ იქნება საქართველოს ნაკრების ფორმები სიახლეებით წარმოდგენილი?
- Macron Sports Hub Tbilisi ივნისში გაიხსნება და იქნება Macron-ის პირველი ოფიციალური მაღაზია რეგიონში. თბილისის სპორტს ჰაბი არამხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონს და შუა აზიის ქვეყნებს მოემსახურება.
Macron Sports Hub Tbilisi-ში, რომელიც შეშელიძის ქ. 86-ში მდებარეობს, ქართველი გულშემატკივარი შეძლებს ჩვენი პარტნიორი ეროვნული ნაკრებებისა და სპორტული კლუბების ოფიციალური სპორტული ეკიპირებისა თუ აქსესუარების შეძენას. აქვე იქნება წარმოდგენილი Macron-ის პარტნიორი უცხოური სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციების სპორტული ეკიპირებაც.
ასევე, ვგეგმავთ პარტნიორობას კერძო კომპანიებთან, რომელთა ინდივიდუალური დიზაინის მერჩენდაიზინგ პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება Macron Sports Hub Tbilisi-ში.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები გერმანიაში გასამართ EURO 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.









