მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს საქართველოს ნაკრები თურქეთთან დაპირისპირებით იწყებს. 4 სექტემბერს, დინამო არენაზე ჩვენი ნაკრები თურქებს სავსე ტრიბუნების წინ უმასპინძლებს.
სამწუხაროდ, ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგელობის ორი ფეხბურთელი - გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდა. შესაბამისად, ვილი სანიოლს ახალი საფიქრალი გაუჩნდა და შემადგენლობის გადაწყობა მოუწევს.
ასეთი იქნება საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა თურქეთთან მატჩში, LaGazzetta.ge-ს ვერსიით.
გიორგი მამარდაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულში გადასვლის შემდეგ მამარდას სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ის ნებისმიერ შემთხვევაში ეროვნული ნაკრების შეუცვლელი მეკარეა. მამარდას ვალენსიაში კარგი სეზონი ჰქონდა, ლივერპულში მსოფლიოს გამორჩეულ მეკარესთან ერთად ვარჯიშობს, კიდევ უფრო ვითარდება და თურქეთთან დაპირისპირებისთვის სრულ მზადყოფნაშია.
ოთარ კაკაბაძე - უკვე 10 წელიწადზე მეტია კაკაბაძე საქართველოს ნაკრების მარჯვენა ფლანგის შეუცვლელი წევრია. გარდა ამისა, კაკაბაძე ახალ სეზონს ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა, კრაკოვიას რიგებში გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდის ლიდერი და კაპიტანია.
საბა გოგლიჩიძე - სანაკრებო პაუზას გოგლიჩიძე კარგ განწყობაზე ხვდება. სერია ა-ს გასულ ტურში ის ინტერთან შეცვლაზე შემოვიდა და ახალი კლუბის მაისურით ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. გოგლიჩიძის მიზანი უდინეზეში დამკვიდრება და თავის გამოჩენაა. თურქეთთან მატჩში მას სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.
გურამ კაშია - საქართველოს ნაკრების კაპიტანი მზადაა, რომ მოედანზე თავისი თანაგუნდელები დამუხტოს, უკაპიტნოს და ლიდერის თვისებები გამოავლინოს, რაც გურამს არასდროს ეშლებოდა. ამჯერად, კაშიას გოგლიჩიძესთან ერთად მოუწევს დაცვის ცენტრში დგომა. ამ დუეტმა სომხეთთან მატჩში საქმე იდეალურად შეასრულა.
ლუკა ლოჩოშვილი - ვინაიდან თურქებს უძლიერესი შემტევები ჰყავთ, სანიოლი აქცენტს დაცვის გამაგრებაზე გააკეთებს და მარცხენა ფლანგზე ლოჩოშვილის გამწესებას მოიაზრებს, რომელიც შეტევაში იშვიათად ჩაერთვება და ძირითადად, ცენტრალური მცველების დაზღვევით და ფლანგის დაკეტვით იქნება დაკავებული. წელს კლუბი ლოჩოშვილმაც შეიცვალა და გერმანული ნიურნბერგის რიგებში გამოდის.
ანზორ მექვაბიშვილი - 5 საგოლე გადაცემა ბოლო ერთ თვეში - მექვაბიშვილი რუმინული კრაიოვას ნამდვილ ლიდერად იქცა. გარდა საგოლე გადაცემებისა, ის დაცვით ფუნქციებსაც იდეალურად ასრულებს და უდიდესი ალბათობით, თურქეთთან მატჩში სანიოლის 11-ეულში ვიხილავთ.
ნოდარ ლომინაძე - მრავალმხრივი მონაცემების ნახევარმცველი, რომელმაც კარიერული პროგრესი განიცადა და პორტუგალიურ ეშტორილში გადავიდა, სადაც ძირითადი შეამდგენლობის წევრია. ლომინაძე ნაკრებში პირველად გამოიძახეს და სავარაუდოდ, ნახევარდაცვის ხაზში კიტეიშვილის შემცვლელი სწორედ ის იქნება.
გიორგი ქოჩორაშვილი - ბოლო 2 წელია ქოჩორაშვილი ეროვნული ნაკრების შეუცვლელი წევრია. ნაკრებში ჩამოსვლამდე, მან სპორტინგის რიგებში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. კიტეიშვილის და ჩაკვეტაძის არყოფნაში, ცენტრში ლიდერობის აღება სწორედ ქოჩორაშვილს მოუწევს.
ზურიკო დავითაშვილი - დავითაშვილი ახალი კლუბის მოლოდინშია, მაგრამ ეს მის ფორმას დაბრკოლებას არ უქმნის. დავითაშვილმა ახალი სეზონიც კარგად დაიწყო და სტ.ეტიენის რიგებში ორი გოლი გაიტანა. დავითაშვილი ნაკრებში ყოველთვის კარგად და თავდადებით თამაშობს და შანსი აქვს, ძირითად შემადგენლობაში თავისი შანსი გამოიყენოს.
ჟორჟ მიქაუტაძე - მიქაუტაძეს თურქეთის კარი ერთხელ უკვე აღებული აქვს და ამის გაკეთებას მეორედაც შეეცდება. ცოტა ხნის წინ, ჟორჟი ლა ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბში, ვილიარეალში გადავიდა და მისთვის ახალი კარიერული ეტაპი იწყება. იქამდე კი, მას გოლები საქართველო ნაკრებში აქვს გასატანი.
ხვიჩა კვარაცხელია - მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ში კვარას ახალი სეზონი შედეგიანად არ დაუწყია, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, საქართველოს ნაკრების მთავარი ლიდერი, რომლის შესაჩერებლადაც თურქებს ბევრი წვალება მოუწევთ. ტრიბუნაზე მყოფი 55 ათასი გულშემატკივარი კვარაშოუს მოლოდინშია.
საქართველოს ნაკრების 11-ეული









