მეკარე: გრეგორ კობელი (მარსელ ლოტკა)
აქ ყველაფერი უცვლელია, სასტარტო შემადგენლობაში იქნებოდა "შავ-ყვითლების" ამჟამინდელი მეკარე, გრეგორ კობელი, რომელიც უკვე სამი სეზონია, რაც თავისი გუნდის კარს საიმედოდ იცავს. სიგნალ იდუნა პარკის ბინადრების სათადარიგო კარის დარაჯს რაც შეეხება, შვეიცარელი კიპერის ამჟამინდელი დუბლიორი, მარსელ ლოტკა.

ცენტრალური მცველები: ანტონიო რუდიგერი - მანუელ აკანჯი (მატს ჰუმელსი - აქსელ ვიტსელი)
ანტონიო რუდიგერი დორტმუნდის შემადგენლობაში ალბათ არავის ემახსოვრება, ის გუნდის აკადემიაში 2008-2011 წლებში ირიცხებოდა. მას შეუწყვილდებოდა მანუელ აკანჯი, რომელიც ამჟამად მანჩესტერ სიტიში თამაშობს. მათი დუბლიორები იქნებოდნენ ბორუსიას ძველი გვარდიის წარმომადგენლები: მატს ჰუმელსი და აქსელ ვიტსელი.

განაპირა მცველები: აშრაფ ჰაკიმი - რაფაელ გერეირო (იულიან რიერსონი - იან მატსენი)
მარჯვენა მცველის პოზიციას ულაპარაკოდ აშრაფ ჰაკიმი დაიკავებდა, რომლის დუბლიორი იქნებოდა ვესტფალიელთა ამჟამინდელი ვინგბექი, იულიან რიერსონი. რაც შეეხება მარცხენა ფრთას, "შავ-ყვითლებიდან" ცოტა ხნის წინ წასული რაფაელ გერეირო იქნებოდა, რომელსაც ასევე გუნდის მოქმედი მოთამაშე, იან მატსენი ჩაანაცვლებდა.

ნახევარმცველები: ილქაი გუნდოგანი - ჰენრიხ მხითარიანი - ჯუდ ბელინგემი (ემრე ჯანი - იულიან ბრანდტი - მარკო როისი)
ნახევარდაცვის ცენტრალურ ხაზზე განლაგებულები იქნებოდნენ ოლქაი გუნდოგანი და ჰენრიხ მხითარიანი, წინ კი - ჯუდ ბელინგემი. მათ შეცვლიდა სიგნალ იდუნა პარკზე მოთამაშე მოქმედი 3-ეული: ემრე ჯანი, იულიან ბრანდტი და მარკო როისი. როგორც ვიცით, ამ უკანასკნელმა მარცხენა ფლანგიდან გადმოიწია ცენტრში, რითაც ინგლისელ გამთამაშებელს დაეხმარება.

გარემარბები: კრისტიან პულიშიჩი - ალექსანდერ ისაკი (ოსმან დემბელე - ჯეიდონ სანჩო)
ფლანგებზე განლაგებულები იქნებოდნენ ოთხი, დაახლოებით თანაბარი ძალის, გარემარბი. მართალია, ალექსანდერ ისაკი დროის უმეტეს ნაწილს ფორვარდის პოზიციაზე ატარებს, მაგრამ ცენტრში არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, დროებით ის თავის საწყის პოზიციაზე გადმოვწიოთ. საინტერესოა, რა გამოვიდოდა ამ ექსპერიმენტიდან.

თავდამსხმელი: ერლინგ ჰოლანდი (რობერტ ლევანდოვსკი/პიერ-ემერიკ ობამეიანგი)
რთულად წარმოსადგენია, რომ რობერტ ლევანდოვსკი ვინმემ სათადარიგოთა სკამზე დასვას, თუმცა დრო არავის ინდობს. მას ემატება ასაკი, ევროპულ ფეხბურთში კი ახალი გმირი უკვე არსებობს, კიდევ ერთი ყოფილი დორტმუნდელი: ერლინგ ჰოლანდი. მესამე ფორვარდად, ყოველი შემთხვევისთვის, პიერ-ემერიკ ობამეიანგიც ვიყოლიოთ.

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი
ტომას ტუხელისა და ედინ ტერზიჩის ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ეს ადგილი იურგენ კლოპს ეკუთვნის. საუბარია სპეციალისტზე, რომელმაც დაიწყო თანამედროვე ბორუსიას წარმატების ფორმულის ფორმირება. გერმანელ ტაქტიკოსს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოსაგებადაც სულ ცოტა დააკლდა.












