იმ შემთხვევაში, თუ "წითლები" არ დააგდებენ ტემპს, მომავალ სეზონში მათ ევროსარბიელზე ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად, ეს გუნდი საერთაშორისო ასპარეზზე იყო 29 წლის წინ, 1995/96 წლების სეზონში, უეფას თასზე. სითი გრაუნდის ბინადრებმა გადალახეს მალმიოს, ოსერისა და ლიონის ბარიერი, მაგრამ 1/4 ფინალში წააგეს მომავალ ჩემპიონთან, მიუნხენის ბაიერნთან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უეფას თასის იმ სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მხრიდან მონაწილეობას იღებდა ორი გუნდი - თბილისის დინამო და სამტრედია. ორივე კლუბი ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან გამოეთიშა. როგორც აღვნიშნეთ, უეფას თასი მოიგო "რეკორდმაისტერმა", ჩემპიონთა ლიგაზე კი ყველაფერი ტურინის იუვენტუსის ტრიუმფით დასრულდა.
იმის შემდეგ, "ბებერი ქალბატონი" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული ჯერჯერობით აღარ გამხდარა. მიმოვიხილოთ ტოპ ლიგებიც: ინგლისის ჩემპიონატი მოიგო მანჩესტერ იუნაიტედმა, მეზობელ სიტიში კი იმ დროს გიორგი ქინქლაძე ბრწყინავდა. რაც შეეხება პრიმერა დივიზიონის ჩემპიონს: მადრიდის ატლეტიკო.
გადავინაცვლოთ სერია ა-ში, სადაც ჩემპიონი მილანი გახდა. ბუნდესლიგაში პირველ ადგილზე გავიდა დორტმუნდის ბორუსია, ლიგა 1-ში კი ოსერი. შევეხოთ ინდივიდუალურ ჯილდოებსაც: ოქროს ბურთი მოიგო მატიას ზამერმა, ფიფას წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო კი რონალდო ნაზარიომ.
ბოლოს კი ყველაზე საინტერესო - ოქროს ბუცი იმ სეზონში მოიპოვა ზესტაფონის მარგვეთის თავდამსხმელმა, ზვიად ენდელაძემ, რომელმაც ევროპაში გაიტანა ყველაზე მეტი, 40 ბურთი. ასეთი იყო ბოლო სეზონი, როდესაც ნოტინგემი ევროსარბიელზე ვიხილეთ. 29-წლიანი პაუზის შემდეგ, საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ფორესტი დიდ სცენაზე დაბრუნდეს.











