ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩები ხვალ, 30 სექტემბერს, თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება. მაყურებელს საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებები ელოდება, თუმცა ყველაზე გამორჩეული შეხვედრა მაინც 1 ოქტომბერს არის ჩანიშნული. საუბარი რა თქმა უნდა ბარსელონაში გასამართ მატჩზეა, სადაც ჰანსი ფლიკის გუნდი ლუის ენრიკეს პარი სენ-ჟერმენს დაუპირსპირდება.
გუნდები ამ დაპირისპირებას საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდებიან, თუმცა ჩვენი ინტერესი რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ არის მიპყრობილი. შეგახსენებთ, ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის ბოლო ტურში, ოსერთან მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, 24 წლის შემტევმა პსჟ-ს დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა, თუმცა ლუის ენრიკე იმედოვნებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბარსელონასთან სამატჩო განაცხადში მაინც მოხვდება.
ითამაშებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია კატალონიური კლუბის წინააღმდეგ ამას სამწვრთნელო შტაბი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყვეტს, თუმცა ერთი რამ ფაქტია, ქართველის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა.









