დავიწყოთ უკრაინით, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგეა. თავად განსაჯეთ: 9 შეხვედრა, 0 მოგება, 3 ფრე და 6 წაგება. ბურთების შეფარდება - 6:16. სანახაობრივი თვალსაზრისით, ყველაზე დრამატული მატჩი შედგა 2006 წლის 6 სექტემბერს, ევრო 2008-ის შესარჩევზე.
მოწინააღმდეგემ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოგვიგო. ანგარიში გახსნა ანდრეი შევჩენკომ, რომლის გოლს შოთა არველაძემ უპასუხა. შემდეგ იყო გიორგი დემეტრაძის ბურთი და მომენტალური პასუხი რუსლან როტანისგან. გამარჯვების მომტანი გოლი კი გაიტანა ანდრეი რუსოლმა, მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე.
რაც შეეხება ალბანეთს, "ჯვაროსნებმა" თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მეტი შეხვედრა სწორედ აღნიშნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარეს. სტატისტიკა ასეთია: 15 მატჩი, 8 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება. ბურთების შეფარდება - 23:13. ამ ნაკრებისთვის მოგვიგია როგორც საკუთარ მოედანზე, ისე გასვლაზეც.
ყველაზე მეტად გამოსარჩევია 1998 წლის 2 აგვისტოს გამართული ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც მოწინააღმდეგეს სტუმრად სამი უპასუხო ბურთი გავუტანეთ. გოლები თავიანთ ანგარიშზე ჩაიწერეს თემურ ქეცბაიამ, მიხეილ ყაველაშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა. ალბანეთისთვის მოგვიგია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევებზეც.
მაგალითად, ევრო 2000-ის (1:0) და ევრო 2004-ის (3:0) საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე. ამის გარდა, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზეც (2:0). ყველაზე მეტი ბურთი ალბანეთის კარში გატანილი აქვს შოთა არველაძეს (7 გოლი). კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - ყველაზე მეტი, 8 მოგება საქართველოს სწორედ ალბანეთთან აქვს.









